აფხაზეთის კონფლიქტისას დაკარგული 2258 ადამიანის ადგილსამყოფელის დასადგენად ერევანში ქართველი და აფხაზი მონაწილეების საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 2258 ადამიანის ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად ერევანში ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს. შეხვედრას თავმჯდომარეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მისი ნეიტრალური შუამავლის სტატუსის შესაბამისად.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის კოორდინატორის, ნიკოლა ფლორის განცხადებით, მექანიზმის შექმნის შემდეგ, 431 ადამიანის ნეშტის მოძიება და ექსჰუმაცია მოხდა, მათ შორის 148 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა პატივით დასაკრძალად.

„ჩვენი ძალისხმევით, 2019 წლის დასაწყისში უფრო მეტი ოჯახი შეძლებს მიიღოს პასუხი საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ. ამოცნობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ეს პროგრესი საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების თავდაუზოგავი თანამშრომლობისა და პროცესში ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობის შედეგია, რომელთა უნარ-ჩვევები და ცოდნა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, - განაცხადა ფლორიმ.

მათივე ინფორმაციით, გარდა 2018 წელს მიღწეული შედეგებისა, ერევნის შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა 1992-93 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სავარაუდო სამარხების შეფასებისა და საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება-დამუშავების მნიშვნელობას. „მონაწილეები შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ინფორმაციის ეფექტური მოძიებისა და გაცვლისათვის არის საჭირო, რათა პროცესი საჭირო ტემპით გაგრძელდეს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს.

საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა. მისი მიზანია 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს