ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2018

ზურაბიშვილი ფეხების ბაკუნს და კინკლაობას დაიწყებს... ჩვენ კი ცოტას გავერთობით, - ხუხაშვილი

ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს

საქართველოს ახალი სამხედრო ფლოტი რუსული აგრესიის შესაკავებლად

ზურაბიშვილი ფეხების ბაკუნს და კინკლაობას დაიწყებს... ჩვენ კი ცოტას გავერთობით, - ხუხაშვილი

"მე არასდროს ვარ წინააღმდეგი საჯარო სექტორში დაფინანსება იქნას შემცირებული და ეკონომია გაკეთდეს, მითუმეტეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ დააზიანებს ვერანაირად ქვეყნის მართვის პროცესს დაფინანსების უქონლობის გამო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზურაბიშვილი ფეხების ბაკუნს და კინკლაობას დაიწყებს... ჩვენ კი ცოტას გავერთობით, - ხუხაშვილი

"საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება და 6 მილიონი ლარი იქნება. მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, - 140-დან 60-მდე და უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც. გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის ფუნქციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ის უფრო წარმომადგენლობითი ფუნქციების მატარებელია. მისი ხარჯები მაინც ვიზიტებით, დახვედრითა და ამ ტიპის პროტოკოლური უფლებამოსილებით შემოიფარგლება. თუ ეს თანხები საკმარისია ამისთვის, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"კორესპონდენტის კითხვაზე, 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს. ამავე დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. რა შეიძლება მოხდეს 16 დეკემბერს? ხუხაშვილის თქმით, სახელმწიფოებრივ კრიზისში გადასვლის შანსებს ვერ ვხედავ, თუმცა, ხმაური იქნება და ეს ლოგიკურია. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" თავის ტაქტიკურ ამოცანას წყვეტს, რომ ის ელექტორატი რამენაირად შეინარჩუნოს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" აჩუქა. ისინი ეცდებიან დინამიურად წარმართონ ეს პროცესი, რომ ეს კონსოლიდაცია შეინარჩუნონ. ძალიან უცნაურია „ქართული ოცნების" ეს მერყეობა ინაუგურაციის ადგილთან დაკავშირებით, რადგან ეს არის სისუსტის პირდაპირი გამოვლინება. ასეთი რაღაც მმართველი პარტიისგან ძალიან სამარცხვინოა.შეიძლება იყოს ნორმალური დიპლომატი და შესაბამისად, ჩვენ იმის შიში არ უნდა გვქონდეს, რომ შეხვედრებზე რაღაც სამარცხვინოს ჩაიდენს, მაგრამ პოლიტიკური კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ეს პრეზიდენტობას კი არა რაღაც რეალითი შოუს დაემსგავსება. შეიძლება ითქვას, რომ გავერთობით. გამომდინარე იქიდან, რომ მისი წვლილი მის გაპრეზიდენტებაში ნულოვანი იყო, ბოლოს საერთოდაც გადამალეს, რითაც „ქართულმა ოცნებამ" თქვა - „ეს რა შარი ავიკიდეთო". მისი სურათები პლაკატებიდანაც კი ჩამოხსნეს და თავისი პორტრეტები დაახატეს. ის იმდენად დააკნინეს, რომ ლეგიტიმაცია დააკარგვინეს, მათ შორის შიდა სახელისუფლებო ლეგიტიმაცია. პრაქტიკულად, აიღეს და დასვეს. მისი წილი ამაში არაფერი არაა. ლეგიტიმაცია არ აქვს და რას უნდა ველოდოთ? ფეხების ბაკუნს და კინკლაობას დაიწყებს. ეს კინკლაობა რა შედეგის მომტანი იქნება? - არანაირის. ჩვენ კი ცოტას გავერთობით. ზოგადად, მას აქვს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა. მისი მთავარი ამოცანა დღეის მდგომარეობით უნდა ყოფილიყო საზოგადოების გაერთიანება“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ არჩევნებმა მინიმუმ ის აჩვენა, რომ გახლეჩილია ის ხალხიც კი, ვინც მას ხმა მეორე ტურში მისცა. შესაძლოა ითქვას, რომ მისთვის ხმა არ მიუციათ. ხმა მისცეს „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ. ის ელექტორატი, რომელმაც შენ კი არ მოგცა ხმა, იმათ საწინააღმდეგოდ მისცა, იმათკენ მისასვლელი გზები ხომ მაინც უნდა ეძებო? ამას ვერ ვხედავ სალომე ზურაბიშვილში. ის კი ლაპარაკობს, რომ ზეპარტიული და გამაერთიანებელია, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია და საქმით ის საპირისპირო მაგალითებს აჩვენებს, რაც ჩემთვის არ იყო მოულოდნელი. დაახლოებით წარმოადგენა მაქვს მის ხასითზე და რა თქმა უნდა, მომავალში ის საზოგადოების უფრო გამხლეჩი იქნება, ვიდრე გამაერთიანებელი. მას არა მხოლოდ მედიასთან, მას ქვეცნობიერი პრობლემა აქვს საკუთარ თავთანაც. ძალიან ხშირად იმეორებს, რომ „მე პრეზიდენტი ვარ", „მე უკვე გავიზარე, რომ პრეზიდენტი ვარ". ვფიქრობ, თვითონ ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, არის თუ არა პრეზიდენტი. ვურჩევ, რამდენიმე დღიანი რეაბილიტაციის კურსი გაიაროს ინაუგურაციამდე, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი დაირწმუნოს, რომ პრეზიდენტია. უფრო მშვიდად აღიქვას ის მოცემულობა, რაშიც არის. ის ჟურნალისტებს კი არ უბრაზდებოდა, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, რომ თვითონ უჭირს რაღაცნაირად ამის გაცნობიერება და დაჯერება“, - წერს სტატიის ავტორი.

ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 16 დეკემბერს, უფლებამოსილებების მკვეთრი შეკვეცის პარალელურად, 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის 5-მილიონიანი სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ასევე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობაც და 140-ის ნაცვლად 60 ადამიანი რჩება. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ეს არის "მორიგი ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად". განცხადებები გაკეთდა პარლამენტშიც. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის ნაწილში ბიუჯეტის ასეთი სეკვესტრი გამართლებულია კონსტიტუციით, ვინაიდან მე-5 პრეზიდენტს აქვს გაცილებით ნაკლები უფლებამოსილებები, ვიდრე ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზურაბიშვილი პრეზიდენტობას 40%-ით შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს

"ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, "პრეზიდენტისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან". რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, ჩუგოშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მთავრობისა და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციაში შედის. "ოცნების" დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, "მოდით, დავიწყოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციით და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომ გაუაზრებელი თანხები არ არსებობდეს და მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადები არ მიდიოდეს ვიღაცის ხასიათიდან გამომდინარე". მისივე თქმით, ისეთი მეტ-ნაკლებად კონტროლს მიღმა თანხები, როგორიც სარეზერვო თანხებია, არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ სამინისტროებში, მერიებსა და მთავრობაშიც თუ შემცირდება, უფრო საინტერესო პროცესს მივიღებთ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ახალარჩეულ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ, როგორც ჩანს, მარგველაშვილის ურჩობის გათვალისწინებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად შეზღუდოს არჩეული პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური აქტივობა. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება სწორედ მისთვის ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვით, ივანიშვილს სურს, რომ ახალი პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3,8 მილიონი ლარით მცირდება, სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოოდ გადამუშავებულ ვარიანტში. როგორც პროექტში ვკითხულობთ, მომავალ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ნაცვლად 9,8 მილიონი ლარისა, 40%-ით უფრო ნაკლები, 6 მილიონი ლარით დაფინანსდება. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს. ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული არ იყო და მხოლოდ არჩევნებიდან ორ დღეში, 30 ნოემბერს აისახა, როდესაც პარლამენტში დოკუმენტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი შევიდა. ბიუჯეტის ეს ვარიანტი სესიაზე 12 დეკემბრს გადის და ახლად არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობას უკვე შემცირებული ბიუჯეტითა და გაუქმებული სარეზერვო ფონდით დაიწყებს“, - განაგრძობს გამოცემა.

„გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტისათვის უფლებამოსილებების ჩამოწერის შემდეგ ეს უკვე მორიგი ნაბიჯია იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტს ფინანსური დამოუკიდებლობაც არ ჰქონდეს. მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ ბოლოს უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან. "ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტიდან შემოსული კანონის პროექტი, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია, სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან ამის შესახებ აუცილებლად უნდა ჰკითხოს პარლამენტსა და მთავრობას. ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ახლაც ეს ინიციატივაც არის კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება", - ამბობს აბაშიშვილი. მისივე თქმით, ყველაზე უფრო შემაშფოთებელი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებაა და ეს დიდ პრობლემას შეუქმნის მეხუთე პრეზიდენტს, რადგან ამ ფონდიდან სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდებოდა. "ფონდიდან მხოლოდ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომლებიც შეეხებოდა: დემოკრატიის ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას სახელმწიფო მოხელეების, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას, მათ შორის - მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსებას. ამ ინიციატივებს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან და ახლა სრულიად გაურკვეველია, შემდგომი პრეზიდენტი როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს", - ამბობს აბაშიშვილი“, - დასძენს გამოცემა.

„პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტისათვის სარეზერვო ფონდის გაუქმება და დაფინანსების შემცირება მისი თანამდებობის მეტისმეტად შევიწროებასა და პრაქტიკულად ანულირებას ნიშნავს. მისივე თქმით, სარეზერვო ფონდის გაუქმება მცდარი ნაბიჯია, თუკი ის სხვა რამით არ ჩანაცვლდება. "არ მგონია, რომ უქმდებოდეს რაიმე შემნაცვლებლის გარეშე სწორედ იმიტომ, რომ მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო. მაშინ ძალიან მცდარ ნაბიჯად ჩაითვლება. მით უმეტეს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს დამოუკიდებლობისათვის, რაღაც ნაბიჯების გადადგმისათვის მატერიალური საფუძველი უნდა."მართლა მეტისმეტად შევიწროება და ამ თანამდებობის ანულირება გამოდის, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია და აკეთებდა კიდეც ამ ფონდის საშუალებით. ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება თვით მათ მიერ შეთავაზებული და მათ მიერ გაყვანილი პრეზიდენტის იმიჯისათვის - ეს მეორე მიზეზი. რატომღაც მეჩვენება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამასთან დაკავშირებით", - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოს ახალი სამხედრო ფლოტი რუსული აგრესიის შესაკავებლად

"ნატო საქართველოს დაეხმარება სანაპირო დაცვის სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების განვითარებაში", - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. თბილისში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია სანაპირო დაცვის სამსახურის გაძლიერებაზე, ხოლო სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა ძვირი სიამოვნებაა და თან, ამას 10 წელი ან შესაძლოა, მეტიც კი დასჭირდეს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ნატო-დან საქართველოს ხელისუფლებას ამ განცხადებით მინიშნება მისცეს, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენა აუცილებელია და ახლა ძალიან ძვირ სიამოვნებასა და ათწლეულებზე საუბარი ქართული პოლიტიკური ელიტის არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. 4-5 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება და მთავარი განსახილველი თემა აზოვის ზღვაში ინციდენტი და შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემაა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოს ახალი სამხედრო ფლოტი რუსული აგრესიის შესაკავებლად / საქართველომ შესაძლოა, სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღადგინოს, ნატო მის მოდერნიზებაში დახმარებას გვპირდება

"ბრიუსელში ასევე იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი დავით ზალკალიანიც, ვინც ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაც გამართა. მინისტერიალის გახსნამდე სტოლტენბერგმა გააკეთა განცხადება, რომ "ნატო საქართველოსთან ერთად მუშაობს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მოდერნიზებასა და ასევე - სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე". მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან და ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისათვის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევას. სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ დაჰპირდა საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას და განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისათვის. სამხედრო-საზღვაო ძალები საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს გაუქმდა. წლებია, სამხედრო წრეებში მუდმივად არის იმაზე საუბარი, რომ ეს იყო მცდარი ნაბიჯი, საქართველოს სჭირდება საზღვაო ფლოტი და გაუგებარია, რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით ხელისუფლება. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როდესაც ბრიუსელში შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატო-ს ძალების უფრო გაძლიერებაზე დაიწყო საუბრები, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია სამხედრო ფლოტისა, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. "კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სამხედრო ფლოტისა საქართველოში. რატომ? ეს არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, მილიარდებზეა საუბარი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ პრიორიტეტებს ვსახავთ, ჩვენი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან უნდა დავსახოთ ეს, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას", - განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"იზორიამ მაშინ თქვა, რომ სანაპირო დაცვა შს სამინისტროს ფარგლებში ძალზე ეფექტურად მუშაობს. ამ მიმართულებით ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს, ამიტომ უმჯობესია, არსებული განვითარდეს, ვიდრე ახალი შეიქმნას. რას ნიშნავს ნატო-ს გენმდივნის განცხადება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატო-ს რეკომენდაციაა, საქართველომ საზღვაო ფლოტის აღდგენა დაიწყოს და რა პოზიცია აქვს დღეს თბილისს - დგას თუ არა უკვე დღის წესრიგში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენის საკითხი? პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე. "დავიწყებ იმით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნატო-ში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემაა და მინისტერიალზე მთავარი თემა სწორედ ესაა. აქ ჩვენი როლიც ძალიან მაღალია, რამდენადაც ვართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდია აშშ-ის როლი და საზღვაო აკვატორიის დაცვის გაძლიერებისათვის აშშ-მა ჩვენ რამდენიმე გემი უკვე გადმოგვცა. "ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ კონტექსტში უკვე მომავალში შეიძლება, საზღვაო ძალების აღდგენის საკითხიც დადგეს, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო შორეული პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ, რომ საზღვაო აკვატორია იყოს დაცული შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით და ჩვენს ქვეყანას გააჩნდეს ის მცურავი საშუალებები, რომლებიც შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ. შესაბამისად, ეს იქნება ნატო-ში ჩვენი წვლილი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით", - ამბობს სესიაშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.

„მისი თქმით, საზღვაო ძალები - ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა თვლის, რომ ეტაპობრივი პროგრესისა და რეფორმების ხარჯზე უნდა მივიდეთ იმ მოცემულობამდე, როცა "შეიძლება ვიფიქროთ საზღვაო ძალებზე". დეპუტატი ამბობს, რომ 2009 წლამდე სამხედრო-საზღვაო ძალები მხოლოდ ფურცელზე არსებობდა და ფუნქციონალურად არაფრის მომტანი არ იყო. "უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ გადადგმული ნაბიჯი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთდროულად უნდა იყოს მიღწეული, ეს არის დასაწყისი. საზღვაო ძალები მართლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ეს ერთ დღეში არ კეთდება, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც გადავდგამთ, მათ შორის - პერსონალის მომზადება, შესაბამისი წვრთნების ჩატარება, თანამშრომლობა ამ მიმართულებით, ეს გზა ეტაპობრივად მიგვიყვანს საერთო მიზნამდე. საერთო ჯამში ამას წლები სჭირდება, შეიძლება, 10-იც და შეიძლება, მეტიც", - დასძენს სესიაშვილი. უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ნატო-ს გენმდივანმა გვითხრა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია, ამ დროს კი პოლიტიკოსების მხრიდან საუბარი ძვირ სიამოვნებაზე სირცხვილი და არაკომპეტენტური დილეტანტიზმია“, - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ 9 000-კილომეტრიანი საზღვაო აკვატორია გვაქვს, რომელიც ფაქტობრივად დაუცველია. ნატო-ს გენმდივანი არ უნდა გვაძლევდეს სამართლიან შენიშვნას. ეს სამარცხვინოა. იმას უფრო ესმის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ძირითადი მიმართულებები რა უნდა იყოს და არ ესმის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერშიპს. ეს არის ნამდვილი ტრაგედია. მეორეც, სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენას არ სჭირდება კოლოსალური თანხები. თავად რაში ხარჯავენ ფულს, როგორ ფლანგავენ ფულს? რომ არა აშშ-ის პირდაპირი დახმარება, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უარეს დღეში იქნება. სულ მცირე, საზღვაო ავიაციის ელემენტების საშუალება ჩვენს ქვეყანას გააჩნია. არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც შემუშავებული აქვთ ძალიან კარგი გეგმა. იგივე დავით თევზაძის გუნდი, მათ შემუშავებული აქვთ პროექტი, როგორ შეიძლება, საქართველომ მოკლე ხანში ძალიან ნაკლები დანახარჯებით აღადგინოს სამხედრო-საზღვაო ძალები, რომ რუსეთისგან მომავალი აგრესიისაგან თავის დაცვა შევძლოთ. ახლა ილუზიები არავის აქვს და ვერავინ აღუდგება წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არმადას, მაგრამ ელემენტარულად ამ არმადამ რომ თავი შეიკავოს და გათვალოს, რომ რაღაც გარკვეულ ზარალს მიიღებს, ეს მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ნატო-ს გენერალურ მდივანს. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები კი დილეტანტური და არაპროფესიულია. საზღვაო ძალების აღდგენა დამატებითი თავის ტკივილია, დამატებითი მუშაობაა, ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ამ ადამიანებს შრომა არ უნდათ", - ამბობს მაისაია“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა