ხათუნა ლაგაზიძე ინაუგურაციისთვის თელავის არჩევაზე - ზურაბიშვილის ნაბიჯი გამართლებულია - სწორედ მას უნდა გადაედგა სიმბოლური ნაბიჯი დიალოგისკენ

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ინაუგურაციის თელავში ჩატარების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის არგუმენტაცია მისასალმებელია და პირველი შემხვედრი ნაბიჯი კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობის მიმართ სწორედ არჩეულ პრეზიდენტს უნდა გადაედგა. ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„ვიდრე ზურაბიშვილის ამ განცხადებას მოვისმენდი, ზუსტად ასე წარმომედგინა არგუმენტაცია თელავთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველივე განცხადებაში მან თქვა, რომ შეეცდება მონახოს სწორი გზა საქართველოს ყველა მოქალაქემდე, მათ შორის იმ ამომრჩევლებამდე, ვინც მას ხმა არ მისცეს. ეს ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი, არამედ მათაც, ვინც არჩევნებზე სახლში დარჩა. თელავის არჩევაც თუ იმით არის განპირობებული, რომ აჩვენოს ყველას, რომ გამოწვევებს არ უშინდება და მზად არის ყველას პრეზიდენტობისთვის და თვითონ დგამს პირველ შემხვედრ ნაბიჯებს, ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება ზურაბიშვილის ამ ნაბიჯზე თელაველების რეაქციას და არჩეული პრეზიდენტისადმი დამოკიდებულების შესაძლო შეცვლას, ლაგაზიძე აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ თელაველებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„ეს უნდა განვიხილოთ უფრო ფართოდ - როგორც ზოგადად დიალოგისთვის მზადყოფნა. რაც შეეხება შესაძლო უკმაყოფილებას, ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციებიც პროტესტების ფონზე იმართება და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს ჩვეულებრივი პროცესია - ვიღაცას მოსწონს პრეზიდენტი, ვიღაცას - არა, ვიღაც პროტესტს აქტიურად გამოხატავს, ვიღაც კიდევ სახლში ზის. მთავარია, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი არის გამართლებული. მე მიმაჩნია, რომ სწორედ მას უნდა გადაედგა ეს პირველი, სიმბოლური ნაბიჯი ამ დიალოგისკენ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს