დააკავეს პატრული, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ პირს უფლებას აძლევდა, საკუთარი სამგზავრო ბარათით მოქალაქეები მეტროში უკანონოდ გაეტარებინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროს სადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს