მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაფასებთ იაპონიის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას

ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიისა და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და საამაყოა, რომ იაპონია საქართველოს ერთგული და სანდო პარტნიორია. „გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი. სასიხარულოა, რომ ამ შედარებით ხანმოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მიღწევა. დარწმუნებული ვარ, არსებული მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კვლავაც გაღრმავდება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ვითარდება როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში.

„წარმატებით ჩავატარეთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები „ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ძალიან გვიხარია, თუ როგორ ვითარდება ხალხებს შორის ურთიერთობები, ასევე საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობა განათლების, კულტურის, და სპორტის სფეროში. დარწმუნებული ვარ, 2019 წელს საქართველო იაპონიაში შეძლებს მოახდინოს დემონსტრირება, თუ როგორი მიღწევების მქონე სპორტული ერი ვართ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს განსაკუთრებული მოვლენა იყო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო მიესალმება იაპონიის მთავრობის ხედვას რეგიონის მიმართ და მყარად უჭერს მხარს იაპონიის გააქტიურებას „კავკასიის ინიციატივის“ ფარგლებში.

„არ შემიძლია, განსაკუთრებული სიამაყით არ გამოვარჩიო პირველი ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის 2018 წლის მიღწევები, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ორი ერი. ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოს მიმართ იაპონელების მაღალი დაინტერესება და პატივისცემა გამოიწვია, საქართველოსთვის კი, უფრო ახლობელი გახდა იაპონია. ამ მაგალითით თვალსაჩინოა, თუ რამხელა მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის წვლილი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას ორი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ქვეყნების მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა