ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2018

შვეიცარიელი მებაჟეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის მონიტორინგს მარტიდან დაიწყებენ

ზურაბიშვილი უფიქრდება მაინც, რას ამბობს? - ძაბირაძე ივანიშვილისა და ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე

შვეიცარიელი მებაჟეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის მონიტორინგს მარტიდან დაიწყებენ

“რა ტვირთი შედის რუსეთიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში და რა ტვირთი გადის ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში - ამას შვეიცარიელი მებაჟეები, დიდი ალბათობით, უკვე მარტიდან გააკონტროლებენ. 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების პრაქტიკული ამოქმედება უკვე დაიწყო - შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი" 3-თვიან მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს და შემდეგ ტვირთის მონიტორინგს შეუდგება. ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი. თანაც, რუსული მხარე მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ გააჭიანურა მონიტორინგის კომპანიისათვის თანხის გადახდა, რადგან მოსკოვმა ჯერ კიდევ ივნისში შეასრულა თავისი ფინანსური ვალდებულება, თბილისმა კი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ - 30 ნოემბერს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შვეიცარიელი მებაჟეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთის მონიტორინგს მარტიდან დაიწყებენ.

"როგორც სერგეი ლავროვის უწყება აცხადებს, რუსულ მხარეს იმედი აქვს, რომ "ხელშეკრულება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესრულდება". "30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ მონიტორინგის კომპანია "ეს-ჯი-ესს" საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის საფასური გადაურიცხა. რუსულმა მხარემ თავისი ანალოგიური ფინანსური ვალდებულება ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში შეასრულა. "2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო 3-თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგაც შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ტვირთის მონიტორინგს 3 რუსულ და 3 ქართულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონული ვაჭრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შესრულდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე," - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. საგულისხმოა, რომ, 2011 წლიდან მოყოლებული, ამ ხელშეკრულების საბოლოო ამოქმედებას სწორედ მოსკოვი აჭიანურებდა, ახლა რუსული მხარე საპირისპიროზე მიანიშნებს. რუსულ მედიაში იწერება, რომ ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი გახდება როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონის გავლითაც ტვირთის ტრანზიტი, მაგალითად, სომხეთსა და ირანში და ეს მიმართულება დიდი მნიშვნელობისაა სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთთან მხოლოდ ლარსის გზით უწევს ტრანზიტი და დიდთოვლობისას ტვირთის გატარება ხშირად ფერხდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

"აჭიანურებდა თუ არა პროცესს ქართული მხარე? რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან პროცესი გაჭიანურებული არ ყოფილა და რუსეთის განცხადება რას მიანიშნებს, ამ დისკუსიაში არ შევა. ხოლო შესაძლებელია თუ არა ცხინვალის გავლით რუსეთიდან, მაგალითად, სომხეთისკენ ტვირთის გატარება, აბაშიძე პასუხობს, რომ მარჩიელობა ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ეს ხელშეკრულება და მისი ამოქმედება ავტომატურად რაღაც ახალი მიმართულების გახსნას არ გულისხმობს. ეს ხელშეკრულება გულისხმობს მხოლოდ იმ ტვირთის მონიტორინგს, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიზიდება. "თუ რაიმე ტვირთი გადაიზიდება მომავალში რუსეთის მიმართულებით ან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ამის მონიტორინგი მოხდება, მაგრამ რაღაც ახალი მიმართულებების გახსნას ავტომატურად ეს შეთანხმება არ გულისხმობს. რა ვალდებულებაც ავიღეთ შეთანხმებით, ვასრულებთ. სიტყვა არ შეცვლილა და არც შეიცვლებოდა იმ შეთანხმებაში, რასაც 2011 წელს მოეწერა ხელი. ეს შეთანხმება საჯაროა, კონტრაქტი კერძო კომპანიასთან საჯარო არ არის. მერე როგორ იქნება, ვერ გეტყვით," - ამბობს აბაშიძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ზუსტად როდის დაიწყებენ შვეიცარიელი მებაჟეები მონიტორინგს, ამ დეტალებზე საუბარი გაუჭირდება. "მიჭირს ზუსტად დეტალებზე საუბარი. შემდგომი ეტაპია იმპლემენტაციის ეტაპი. ეს გულისხმობს უკვე ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროექტის განხორციელებას და ახლა ამ ფორმატის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. "ჩვენი მხრიდან არაფერი არ გაწელილა. ჩვენ შეთანხმებაზე მუშაობა წელიწადნახევრით ადრე დავასრულეთ, კონტრაქტიც უფრო ადრე გავაფორმეთ, ვიდრე რუსეთის მხარემ. არც ფინანსური ვალდებულების შესრულება დაგვიანებულა," - აღნიშნავს აბაშიძე. "ექსპერტთა კლუბის" წევრის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის შეფასებით, შვეიცარიულმა კომპანიამ ამ კონტრიბუციის გადახდიდან ფუნქციონირება 3 თვეში უნდა დაიწყოს და მთავარი ის კი არ არის, რომ ხელშეკრულება შედის ძალაში, არამედ ის, თუ როგორ განხორციელდება ეს ხელშეკრულება. "განხორციელების მექანიზმებზე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. ამ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ შვეიცარიული ორგანიზაციის წარმომადგენლები დადგნენ ფსოუსა და როკის გვირაბთან. ამით უნდა დაფიქსირდეს საქართველო-რუსეთის საზღვარი, რაც არის საერთაშორისო ფლანგზე იმის დეტალიზება, რომ ეს კორიდორები როკსა და გორს, ფსოუსა და ენგურის ხიდს შორის უკონტროლო ტერიტორიებია და იქ მოქმედებს განსაკუთრებული რეჟიმები. "საქმე ისაა, რომ რუსულ მხარეს არ სურს, დააყენოს მებაჟეები არც საკუთარ ტერიტორიაზე და არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებზე, სადაც საქართველოს ოფიციალური საზღვარი გადის. მათ უნდათ, რომ შვეიცარიელები იდგნენ მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც ეს ოკუპირებული ტერიტორიები დანარჩენ საქართველოს უერთდება - ენგურის ხიდზე და გორში და არა ფსოუს ხიდზე და როკის გვირაბთან. ყველაზე დიდი საშიშროება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ კონფიგურაციას დაეთანხმოს ქართული მხარე," - აღნიშნავს ცქიტიშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"კონფლიქტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთის ტრანზიტი აუცილებლად იქნება და ამ გზას ტრანზიტისთვის რუსეთი და სომხეთი აუცილებლად გამოიყენებენ. "ტვირთი გავა თუ არა ცხინვალის გავლით სომხეთში თუ ირანში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ როკის გვირაბზე შვეიცარიელი მებაჟეები დადგებიან და აღრიცხავენ ყველაფერს, რაც შემოდის როკის გვირაბიდან საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთი კი სწორედ ამ აღრიცხვის წინააღმდეგი იყო, უნდა, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ მხოლოდ ის ტვირთი აღრიცხოს, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შევა და გავა ამ ტერიტორიიდან," - ამბობს ცქიტიშვილი. მისივე თქმით, "ცუდია ის მომენტი, რომ ბოლო პერიოდში რუსულ, ქართულ და შვეიცარიულ მხარეებს შორის კონკრეტულად რა მოლაპარაკება გაიმართა, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი. ამიტომ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია, დაველოდოთ თვითონ ფაქტს, როდის დაიწყება მონიტორინგი და შემდეგ გავაკონტროლოთ, ვინ სად დგას. "რუსული მხარე რომ სანდო არ არის, ვიცით, მაგრამ ქართული მხარე რატომ მალავს მოლაპარაკების დეტალებს, ბევრი ეჭვი ჩნდება. ამიტომ სწორია, რომ დაველოდოთ 3 თვეს - ვის სად დააყენებენ და როგორი იქნება ბოლოს რუსეთის ინტერპრეტაცია ამ ხელშეკრულებაზე," - აღნიშნა ცქიტიშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

ზურაბიშვილი უფიქრდება მაინც, რას ამბობს? - ძაბირაძე ივანიშვილისა და ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე

"ამაში პრობლემას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ის პროტოკოლი მართლაც შესაცვლელია, რომელიც ინაუგურაციის პროცესს განსაზღვრავს. ზოგადად, მგონია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებას მოერიდა და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ინაუგურაცია თელავში ჩატარდეს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, მხატვარ თამარ ფოცხიშვილის განცხადებაზე, რომელმაც ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ზურაბიშვილი უფიქრდება მაინც, რას ამბობს? - ძაბირაძე ივანიშვილისა და ზურაბიშვილის საუბრის დეტალებზე

"ძაბირაძის თქმით, ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, თუ ასეთი გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღეს, რომ მოერიდნენ პროვოცირებას. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა იყოს და არ შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელიც რომელიმე მხარეს პროვოცირების საშუალებას მისცემს. ალბათ ამიტომაც გადაიტანეს ინაუგურაცია თელავში. შეიძლება მხატვარს უნდოდეს ან ფიქრობდეს ასე, მაგრამ ასეთი განცხადება ყოველთვის ცუდ განცდებს იწვევს. თამარ მეფე ეკლესიის მიერ წმინდანადაა აღიარებული და როდესაც ხდება მასთან ვინმეს გაიგივება, მით უმეტეს ჩვენს ეპოქაში, არ მიმაჩნია მთლად გამართლებულად. თამარ მეფესთან გაიგივება ადამიანმა უნდა დაიმსახუროს მას შემდეგ, რაც ის მოღვაწეობას დაასრულებს და არა მაშინ, როდესაც მოღვაწეობას იწყებს. არ მგონია, რომ ეს პარალელი, თუნდაც სუპერპოეტური თუ რაღაც ასეთი, ძალიან სწორი იყოს. ასეთი განცხადებები იმუშავებს ზურაბიშვილის წინააღმდეგ და არა მის სასიკეთოდ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ძაბირაძის თქმით, კონსტიტუცია ახალი პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავს და არა იმას, როგორი დაფინანსება ექნება, მაგრამ, ზოგადად, ეს ინსტიტუტი სიმბოლურიც აღარ დარჩა, რაღაც უცნაური ინსტიტუტი მივიღეთ. ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციით არ იმართება. კონსტიტუციით რომ იმართებოდეს, მაშინ ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, მაგრამ არ არის ასე. პარტიის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ქვეყნის პირველი პირი. ასეთი რამ კომუნისტების დროს იყო. დღეს ჩვენ ასეთი რეალობა გვაქვს - არის კონსტიტუცია, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, მაგრამ ქვეყანა კონსტიტუციით მართული არ იქნება. როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად იქნება გააზრებული და როდესაც პრეზიდენტი არ იქნება სახიფათო ხელისუფლებისთვის, მაშინ ძალიან ბევრი ფუნქცია, რომელიც დღეს პრეზიდენტს შეიძლება არ ჰქონდეს, შესაძლოა, ისევ პრეზიდენტთან გადავიდეს. ეს ყველაფერი არეულია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის შემცირება მის უფლებამოსილებას არც გაზრდის და არც შეამცირებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებიდან ნაწყვეტი მოვისმინე, სადაც ის ამბობს, რომ შეხვდა ბიძინას და მან უთხრა, რომ პარტიასთან ვალში არ არის და შეუძლია, დამოუკიდებელი იყოს. როდესაც ამაზე საუბრობს, უფიქრდება მაინც, რას ამბობს? გამოდის, რომ ბიძინამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი. თუ ხვალ ბიძინა მოინდომებს და ეტყვის, რომ არ იყოს დამოუკიდებელი, მაშინ რა იქნება? საერთოდ, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ვიღაცამ უთხრა, იყოს დამოუკიდებელი, ამის გარეშე არ უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი? არ ველოდები, რომ ვარსკვლავებს მოწყვეტს, მაგრამ არ მგონია, რომ ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანოს. ამ შემთხვევაში კარგია, რომ მას ბევრი უფლებამოსილება არა აქვს. ოპოზიციას ზურაბიშვილი რაში სჭირდება - ამას თავად თუ ამიხსნის, კარგი იქნება. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ვეტყოდი - კარგად იყოს თავის სასახლეში, რომელშიც უნდა. პრეზიდენტს არც უფლებები აქვს და შუამავლად ის ვერ გამოდგება, რადგან ავტორიტეტი არ არის არც "ქართული ოცნებისთვის" და არც მოსახლეობისთვის. რა ფუნქცია უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, როდესაც არის დიალოგი ან დაპირისპირება, არ მესმის. შეთავაზება მისი ნებაა, კარგი ჟესტია, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია, ამაზე მშვიდად უთხრას, რომ კარგად იყოს და თავისი გზა გააგრძელოს. მე ამაში აზრს ვერ ვხედავ“, - წერს გამოცემა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა