ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიმოხილვაზე საუბრისას მოზარდების მკვლელობის და მაჩალიკაშვილის საქმეებზე გაამახვილა ყურადღება

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე 2018 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა. წლის მთავარი შეჯამება სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმეში არ ჩატარებულა მთელი რიგი გადაუდებელი და საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასრულებული არ არის.

"უპირველესად უნდა აღინიშნოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ არ ჩატარებულა მთელი რიგი გადაუდებელი და საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, დღემდე ვერ ხერხდება დანაშაულის ჩამდენი ყველა შესაძლო პირის პასუხისგებაში მიცემა. ამასთანავე, წარმოჩინდა შესაძლო დანაშაულებრივი უმოქმედობის ჩამდებ საჯარო მოხელეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა, თუმცა ამ თვალსაზრისით გამოძიება არ მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სპეციალური ოპერაციის დროს გამოყენებული ძალის კანონიერების შესასწავლად მიმდინარე გამოძიების შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული და სახალხო დამცველის აპარატს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ ეძლევა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

2018 წლის 11 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართმსაჯულების საკითხებს შეეხება. მიმდინარე წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე. ამასთან, საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეების 8089 ზარი. სახალხო დამცველის მიერ, ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, გაცემულია 90 რეკომენდაცია, ასევე, მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე 2018 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოხილა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს