ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

„დღეს საქართველოს პარლამენტი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი მასპინძლობს „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმს, რომლის მთავარი თემა გახლავთ დეცენტრალიზაციის რეფორმა. ფორუმი კი ეძღვნება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის თავს და პოსტსაბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებიდან 20 წლის იუბილეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის დეკემბერში საქართველოში დასრულდა თვითმმართველობის არჩევნები, მაშინდელი ტერმინით, საერობო არჩევნების პირველი ეტაპი 12 მაზრაში და ეს არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფურცელი ჩვენი ისტორიისა, რადგან იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც მაშინდელ მსოფლიოში სუფევდა, იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც საქართველოს საზღვრებთან და ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, საქართველო ერთგული იყო დემოკრატიული აზრის, ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების და უნივერსალური საკაცობრიო ფასეულობების.

ზაზა გაბუანიას განცხადებით, საქართველო მაშინაც ატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს ანუ ფლობდა სრულფასოვანი და შემდგარი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ნიშნებს.

„ჩვენ 100 წლის წინ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად ეფუძნებოდა დემოკრატიისადმი სრულ მზადყოფნას და საჭირო რეფორმების გატარების იდეას. იმის გააზრებას, რომ საქართველოს და მის ხალხს შეეძლო იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სჭირდებოდა და სჭირდება სახელმწიფოს არსებობისთვის. ვეცნობით რა იმ ეპოქის აზრს დეცენტრალიზაციის, რეგიონების განვითარების და თვითმმართველობის შესახებ, ჩვენ გვეუფლება სიამაყე, რომელიც გამოწვეულია იმ დიდი ისტორიის, აზრის სიღრმის და პროგრესულობის გააზრებით, რაც არსებობდა მაშინ და რისი განხორციელების პერსპექტივასაც სამწუხაროდ მთლიანად მოუღო ბოლო ბოლშევიკურმა აგრესიამ.

დღეს კი, ჩვენ კვლავ ვიკრიბებით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის შენობაში და ჩვენს წინაშე კვლავ დგას რეფორმების უწყვეტად და თანმიმდევრულად განხორციელების აუცილებლობა“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა