ადვოკატი - თუ ეს ხელისუფლება მერაბიშვილის საქმეს არ გამოიძიებს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები შემდგომ ხელისუფლებას ექნება  შესასრულებელი

თუ ეს ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს და შესაბამის პირებს პასუხისგებაში არ მისცემს, ეს რეკომენდაციები ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას დარჩება შესასრულებლად. ეს არის ვალდებულება, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს, - აღნიშნულის შესახებ შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რვაპუნქტიან დოკუმენტზე ისაუბრა.

როგორც ჩივიაშვილი აღნიშნავს, მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ შესაძლო გაყვანასა და მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე გამოძიება დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ უნდა განახორციელოს.

„უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. ეს შეიძლება იყოს, პარლამენტში საგამოძიებო კომისია, თუნდაც, ცალკე გამოყოფილი ადამიანების ჯგუფი, რომელთაც ეყოლებათ მოწვეული პროკურორი. ეს ფორმატი შესამუშავებელია. ამ ფარგლებში, რა მოცემულობაც არის, არ ვფიქრობ, რომ ის პროკურატურა გამოიძიებს, რომლის ბრალეულობაც შეიძლება გამოიკვეთოს.

აქამდე არც შიდა მოკვლევამ და არც შეგმდგომმა ვითომ გამოძიებამ საერთოდ არანაირი შედეგი არ გამოიღო და არც იმის ილუზია მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურა და ის პროკურორები, რომლებიც მუშაობდნენ თანამდობებეზე, როცა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო, ამ საქმეს გამოიძიებს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან მსგავსი დოკუმენტი პირველია, როცა საქმე აღსრულებამდე მივიდა. აქამდე იყო კონკრეტულად სტრასბურგის სასამართლოს მიერ რეკომენდაცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ხელისუფლებას ეს საქმე უნდა გამოეძიებინა. ვინაიდან არ გამოიძია, მინისტრთა კომიტეტმა ახლა უკვე რეკომენდაცია გასცა, რომელიც სავალდებულო ხასიათისაა“, - აცხადებს ჩივიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილი შეჯამებულ სასჯელს იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში იწურება, რაც რიგი სასჯელების შედეგია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც კავშირში არ არის აღნიშნულ საქმესთან. კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალი გამოძიება დაიწყო მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოძიება ისე, რომ ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყოს, შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მათი მიცემა; საკმარისად ფართო იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა მოვლენებს რამე სახის ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე და ეს გამოძიება სათანადოდ და სწრაფად დასრულდეს. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა