დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და დატოვეს. როგორც დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ბოიკოტი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალებთან ერთად, 205 000 თბილისელს არჩევანი მოპარა.
„ამ ადამიანებმა მოსახლეობას არჩევანი მოპარეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ზეწოლა იყო და ათობით დირექტორია მოხსნილი პირველი ტურის შემდეგ. ასევე ზეწოლა იყო „თბილსერვის ჯგუფში“, სადაც პირდაპირ მეეზოვეებს აიძულებდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელ საარჩევნო კამპანიაში ჩართულები იყვნენ დეპუტატები, კრიმინალები, რომელთან ერთადაც 205 000 თბილისელს მოპარეს არჩევანი. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომას და არ ვესწრებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე არ შესულა. იგი განცხადების გასაკეთებლად პირდაპირ სხდომათა დარბაზის იარუსზე ავიდა, საიდანაც მედია და სხვა დამსწრე საზოგადოება სხდომებს თვალს ადევნებს და განაცხადება გააკეთა.