საკონსტიტუციო სასამართლომ მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლო მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განჩინება საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1267 და №1268).

კონსტიტუციური სარჩელებით სადავო იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების შეჩერებას.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები, 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმათა ლეგიტიმური მიზნების იდენტურია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონი ძალაში შესვლამდე ვერ ჩაითვლება მოქმედი კონსტიტუციურსამართლებრივი სისტემის ნაწილად. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში შესული და მომავალში ასამოქმედებელი ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლებურად ყალიბდება საკუთრების ძირითადი უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულება, გავლენას არ ახდენს მოქმედი კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ფარგლებზე და არ განაპირობებს საქმის არსებითი განხილვის საჭიროებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიცია, დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნო საქმის არსებითი განხილვის გარეშე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, განჩინებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ევა გოცირიძის, მანანა კობახიძის და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო