დავით ზალკალიანი - ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები წარმოადგენდა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი შეხვედრები მინისტერიალის ფორმატში კოლეგა მინისტრებთან, ასევე ეუთო-ს გენერალურ დირექტორთან. გვქონდა შეხვედრა ვარშავის ეუთო-ს ოდირის დირექტორთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ყველა ამ ორმხრივ შეხვედრაზე ბუნებრივია, საუბარი გვქონდა გამოწვევებზე, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს მსგავსი სახის გამოწვევებზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავს იმას, რომ აუცილებელია დადგეს დრო, რომ იმ ქვეყნებმა და კერძოდ აქ ყველას მხედველობაში ჰყავს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ფაქტიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც, მათ შორის მრავალი ხელშეკრულებით, რომ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი ამ შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ყველა ორმხრივ შეხვედრაზე“, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განმარტებით, წელს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კომენტარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესია, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთო-ს დღის წესრიგში.

„ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, კერძოს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ლაიჩაკთან. სლოვაკეთი ხდება 2019 წლიდან ეუთო-ს თავმჯდომარე და ჩვენ ვისაუბრეთ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს პრიორიტეტი სლოვაკეთის თავმჯდომარეობისთვის და ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ, ეუთო-ს დღის წესრიგში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსვლების დროსაც, წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა. 30-ზე მეტმა დელეგაციამ, საკუთარ გამოსვლაში, სადაც საუბარი ჰქონდათ ეუთო-ს არეალში მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზე, ახსენეს საქართველო, კერძოდ ახსენეს უსაფრთხოების გამოწვევის კონტექსტში, ოკუპაციის ფონზე მიმდინარე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთო-ს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა ძალიან მკაფიოდ ჟღერს და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს