საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და გეგმის პრეზეტაცია გაიმართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რაშიც ჩართულია კომიტეტი და რაზეც მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია, განსაზღვროს კომიტეტის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები 2018-2020 წლებში ქვეყნის საბიუჯეტო პროცესის, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლი და მნიშვნელობა პარლამენტის და, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში და კომიტეტს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. გამოსვლის დასასრულს, გიორგი ვოლსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს როგორც ამ კონკრეტულ საქმეში დახმარებისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მუდმივად მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

შეკრებილთ ასევე მიმართა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ადამ შმიდტმა. მისი განცხადებით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც პარლამენტს განსაკუთრებული როლი დაეკისრება და მისი ფუნქციაც უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით, რეალობის შესაბამისად, სწორ ნაბიჯებს დგამს და შესაბამისად, კომიტეტის სტრატეგია და გეგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის შემდგომი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

ადამ შმიდტმა იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი თავის როლსა და ზედამხედველობის მექანიზმებს საუკეთესო ფუნქციას მოუძებნის, ითანამშრომლებს სახელმწიფო აუდიტთან და სწორად გამოიყენებს მის რესურსებს, ითანამშრომლებს ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. „იმედია, რომ კომიტეტის სტრატეგია და გეგმა იქნება სამაგალითო და სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც კომიტეტის საქმიანობაში სურს ჩართვა და ის ყველასთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება“, - განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა. ადამ შმიდტის თქმით, USAID წლებია მხარს უჭერს პარლამენტს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში სხვადასხვა პროგრამების და, მათ შორის, GGI-ის ფარგლებში. თვითუზრუნველყოფის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის ძლიერი სამთავრობო ინსტიტუციები გადამწყვეტია და USAID მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის და, განსაკუთრებით კი, პარლამენტისადმი მხარდაჭერას მათი გაძლიერების მიზნით.

დასასრულ, ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციასა და კერძო პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შექმნაში და განაცხადა, რომ იგი კომიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცევა.

დოკუმენტი მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო