სტამბოლში წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

საღამო მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

საღამოზე მიწვეული იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები. საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.

აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ წიგნი დაწერილია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიებს. წიგნში ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის – აფხაზეთის ყოფაში, ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერება. მათი მცდელობა ქართველ ემიგრანტებთან ერთად წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში. წიგნი თურქულ ენაზე ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან) თარგმნა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი არისტოკრატების და მათი ოჯახების ფოტოები. გაიმართა ფილმიდან „უფროსობის გმირი“ ნაწყვეტის ჩვენება. ფილმი აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

„ღონისძიების ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის „იბერია“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამოს დასასრულს სიტყვით გამოვიდა წიგნის ავტორი ნატო მარშანია, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო