ირაკლი კობახიძე - ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი პარლამენტარიზმი

დღეს, საქართველოს პარლამენტში, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით მოეწყო. პარლამენტში მიწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები და ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უკავშირდება, ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა.

“გვაქვს ძალიან მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან. ჩვენი ამოცანა გახლავთ ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც მოღვაწეობდა ზურაბ ჟვანია. ბატონი ზურაბის როლი ამ ყველაფერში არის ნამდვილად ფასდაუდებელი”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ოჯახის სახელით, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ღონისძიების დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - “ჩვენი თაობის პრივილეგია“ - გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა