მოქალაქეთა ჯგუფი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს

მოქალაქეთა ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

აქცია იუსტიციის სახლის წინ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.

აქციის მონაწილეთა ვარაუდით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან იყოს დაკვეთილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ახალი კონსტიტუციის ამოქმედებიდან 9 დღით ადრე ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ისმის კითხვა - ხომ არ აქვს ადგილი პოლიტიკურ კორუფციას.

„ეს არის მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. იუსტიციის მინისტრი ამ გამოწვევას პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედებით უნდა დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს აქტი, რომლის მიხედვით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაფორმება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დარჩენილ დღეებში შეჩერდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისივე ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციას 2500 უცხოელი ელოდება. ამ წუთებში აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში შესვლას ცდილობენ. ისინი იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს მოუწოდებენ, „არ გაბედონ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაფორმება“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს