პრემიერი - რაც უფრო ხშირად მომაწერენ, რომ შეიძლება ვუჩივლო ჩემს მშობლებს, იმდენი ეს იქნება კარგი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე

ისევე, როგორც ათიათასობით ქართულ ოჯახს, დიახ, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა საკუთარ დედას უჩივლა, „აბსურდი“ და „ფეიქნიუსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ვალი არა შარშან, არამედ 2015 წელს გადაიხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტი გახლავთ მტკნარი სიცრუე და სრული აბსურდი, რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრი, მსურს განმარტება გავუკეთო ქართულ საზოგადოებას. ისევე, როგორც ათაითასობით ქართულ ოჯახს, დიახ, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული და ისე იქნა გასტუმრებული, რომ ეს „რუსთავი 2“-მაც კი ვერ დამალა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ სასამართლო დავაზე, ხელშეკრულებაზე იყო სამართლებრივი ხარვეზი და ეს ხარვეზი გასწორდა სასამართლოს მიერ, მოხდა ვალის გადახდა და ისტორია ამით დაიხურა. მაგრამ ამ სიუჟეტის დამკვეთებმა თავის თავს გადაასწრეს. პირველ სიუჟეტში, რომელიც სახლს ეხებოდა, საუბარი იყო, რომ სახლს, რომელიც ჩემს ოჯახს თითქმის 15 წელია ეკუთვნის, თითქოს კავშირი აქვს ჩემს თანამდებობაზე მოსვლასთან, გვერდზე მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემი მეზობლის საკუთრებაა, თითქოს ჩემს ოჯახს ეკუთვნის. მეორე სიუჟეტში ვიხილეთ ამის გაგრძელება და ამიტომ ვამბობ, რომ თავის თავს გაასწრეს. ვალდებულების შესრულება, წარმოჩენილი იყო, როგორც კომპრომატი. მე ვახსენე დეზინფორმაცია და „ფეიქნიუსები“. მოდელირებულ რეალობაში, სადაც ამ „ფეიქნიუსების“ ავტორები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს ეს მოდელირებული რეალობა საინფორმაციო სივრცეში, ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე, ვალდებულების შესრულება ეს არის ცუდი ნაბიჯი და ვალდებულების არშესრულება შეიძლება იყოს დადებითი. ბუნებრივია, მე ასეთ ლოგიკას ვერ და არ გავიზიარებ და ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან კარგად ხედავენ. ჩემი მოლოდინი 100 პროცენტით გამართლდა და ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ კარგი ინტუიცია მაქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი აღნიშული ინფორმაციის გავრცელებას ნაწილობრივ ვალების განულების ინიციატივას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი ოპონენტები ცდილობენ პროცესი არასწორად წარმოაჩინონ.

„რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ მე შეიძლება ვიყიდო ისეთი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც გვირაბში ვერ გაეტევა, რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ სახლს, რომელიც 15 წელია ჩემს ოჯახს ეკუთვნის, რამე კავშირი აქვს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან, ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ, ან იმას მომაწერენ, რომ შეიძლება ვუჩივლო ჩემს მშობლებს და ოჯახს, რომ ვალი არ გავისტუმრო, ასეთ საკითხებზე, რაც მეტი დეზინფორმაცია წამოვა, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ მე და ჩემი გუნდი ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების წინაშე პირნათლად ვასრულებთ. 2015 წელს დასრულდა სასამართლო დავა და რამდენიმე თვეში მოხდა ვალის გასტუმრება. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. იმედია, მომავალშიც მოვისმენ მსგავს „ფეიქნიუსებს“ ჩემთან დაკავშირებით, რომელიც იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს და მსგავსი სიუჟეტის დამკვეთებს, მოეშვით! ნუ ღელავთ, ეს არის შეუქცევადი პროცესი. 15 დეკემბერს დაიწყება ვალების გასტუმრება და თითქმის 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს შეხვდება ვალების გარეშე“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: უჩივლა თუ არა პრემიერმა საკუთარ დედას სასამართლოში - მამუკა ბახტაძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა