საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანია „არა ბულინგს“ დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში ბულინგის და ძალადობის პრევენციის მიზნით სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები ჩატარდება.
მათი ინფორმაციით, კამპანია „არა ბულინგს“ ერთ კვირას გაგრძელდება და მისი მიზანია არასრულწლოვნებში ბულინგის და ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და პრევენცია.
„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და პროექტ „დიოჯეის“ ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებებზე რაიონული პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და ბულინგის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ისაუბრებენ რაში და როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი და რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ამ მიმართულებით. ასევე ისაუბრებენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ და ბულინგის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
ასევე კამპანიის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის არტ-ნამუშევრების გამოფენა და ველომარათონი.
ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კვირეული თბილისში დასრულდება, სადაც მოსწავლეების მიერ თემაზე „არა ძალადობას“ გადაღებული ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართება,“ - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.