პრემიერ-მინისტრმა სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება, ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწავლების მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის უფრო მეტი პროფესიონალიზმისა და მეტი მზადყოფნის მიღწევა, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოებისა და მეტი სტაბილურობის მომტანი იქნება.

„თანამედროვე ეპოქას თან მრავალმხრივი საფრთხეები ახლავს. დღევანდელი მსოფლიო, ჩვენი პარტნიორები განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ ე.წ ჰიბრიდულ გამოწვევებზე. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, საქართველო ყველა ზომას მიმართავს მასზე პოტენციური აგრესიის თავიდან ასაცილებლად და ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად რჩება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ამ პროცესში ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობას არსებული მექანიზმებისა და პროგრამების გამოყენებით. ამავე დროს, საქართველო აგრძელებს ალიანსის მხარდაჭერას საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით. მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერასა და შეიარაღებული ძალების წარმატებული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი, აშშ-თან ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - მიმართა პრემიერმა სწავლების მონაწილეებს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ შეიარაღებული ძალების ამოცანა, ეს პასუხისმგებლობა ქვეყნის ეროვნული რესურსების ერთიან და კოორდინირებულ გამოყენებას გულისხმობს.

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად მნიშვნელოვანია ასეთი სწავლებები. ჩვენ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავიაროთ პრაქტიკული მომზადება უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედებისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასა და რაცა მთავარია, მშვიდობის განმტკიცებასთან. ეროვნული თავდაცვის მოთხოვნებისა და განსაკუთრებით ტოტალური თავდაცვის პრინციპის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინირებული მოქმედების მაღალი ხარისხის მიღწევა. წლევანდელი „დიდგორი“ ხორციელდება ნატოს დოქტრინული სახელმძღვანელოს მიხედვით, რაც ნატოსთან თავსებადობის დინამიკური ზრდის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი თავდაცვის მდგრადი სისტემის განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ წინაპირობას წარმოადგენს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ჯარისკაცებსა და თავდაცვის უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სწავლების ორგანიზებისთვის, ხოლო მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს სხვა წევრ და პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელიც ყოველ წელს იზრდება.

„სწორედ ისინი უდგანან გვერდში ქართულ სახელმწიფოს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს გვიჭერენ არა მარტო თანამედროვე და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბების საქმეში, არამედ მტკიცედ გვიდგანან გვერდში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებითაც. თავის მხრივ, საქართველოს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ღირსეული წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა. დღეს სულ უფრო მტკიცდება და ღრმავდება სამხედრო თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, დღეს საქართველო თვისებრივად განსხვავებული რეალობის წინაშე დგას - პარტნიორებთან ერთად ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი და დაცულია. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,დიდგორი 2018“ ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე უწყებებს, რომლებიც ამ გამოცდილებას ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სწავლების მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი დაესწრნენ.

უწყებათაშორისი სწავლება - „დიდგორი 2018“, რომელიც კრიზისული მდგომარეობის დროს თავდაცვის სისტემასა და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებას შორის ეფექტიან, აქტიურ კოორდინაციასა და ერთობლივ მოქმედებას ემსახურება, ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს