მანანა კობახიძე - ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი

ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ავლაბრის სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ სასახლეში შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდეს.

თუმცა, კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას კარგად დაფიქრება სჭირდება.

„ნამდვილად არაფერი მსმენია, რომ რაიმე განხილვები ყოფილიყო ამ თემაზე. ამაში სასამართლო ნამდვილად არ ერევა. რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ იქნება განხორციელებული, ამას სჭირდება შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზოგადად, შენობასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს სივრცე უნდა იყოს საჯარო და შესაბამისი ინსტიტუციისთვის განკუთვნილი. ძალიან რთულია სხვა ფუნქცია მოუძებნო, თუ არა რაღაც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქცია. ეს შენობა არის სპეციფიურად საპრეზიდენტო შენობა. სასამართლოს სხვა სპეციფიკა აქვს. პირდაპირ სასამართლოს აქ გადმოსვლა, არ ვიცი. ალბათ, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქრებაა საჭირო. თუმცა, ალბათ, შესაფერისი იქნებოდა სასამართლოსთვის. მე ამას მივემხრობოდი“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლე ირინა იმერლიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, თუკი ავლაბრის სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადასვლა გადაწყდება, შენობა ინფრასტრუქტურულად იქნება მოსაწყობი.

„სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ თუკი ასე მოხდება, ის მიესალმება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილი არც სასამართლოს თავმჯდომარესთან და არც სხვა წევრებთან. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს ის შენობა, რომელშიც მუშაობს ახლა, არ არის სასამართლოს შენობა. გვაქვს ერთი დარბაზი, არის ორი კოლეგია, შესაბამისად, ერთად ვერ ვმუშაობთ თუ არის პლენუმი. კვირაგამოშვებით გვიწევს თითო კოლეგიას მუშაობა. სასამართლოს შენობა, ეს იქნება ბათუმში თუ სხვაგან, არის სასამართლოსთვის მოსაწყობი ინფრასტრუქტურულად ისე, რომ სრულყოფილად შეეძლოს მუშაობა. არც ავლაბრის შენობა და არც ის, რომელშიც დღეს განთავსებულია საკონსტიტუციო სასამართლო, სასამართლოსთვის აშეენებული არ არის. შესაბამისად, მოსაწყობი იქნება ნებისმიერი შენობა, თუკი გადაწყდება რომ გადავა სხვაგან. თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ამ შენობასაც დასჭირდება რეკონსტრუქცია აუცილებლად“,- განაცხადა იმერლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის სამომავლო ბედთან დაკავშირებით სამი ვარიანტი განიხილება. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ვარიანტია მისი “რესპუბლიკის სასახლედ“ გამოცხადება და წარმომადგენლობით სასახლედ გარდაქმნა, უცხო ქვეყნების უმაღლესი პირების მიღებებისთვის.

კიდევ ერთ ვარიანტად ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსების საკითხი განიხილება, თუკი თავად საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმიდან თბილისში გადმოსვლას მოითხოვს. ასევე განიხილება შენობის პრივატიზაციის საკითხიც.

იხილეთ ვიდეო: მანანა კობახიძე - ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, მე ამას მივემხრობოდი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო