WHO-ს ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად საქართველოში ყოველ წელს 11 400 ადამიანი იღუპება, რის გამოც მთავრობას თამბაქოზე გადასახადების გაზრდას ურჩევს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს რეკომენდაციას უწევს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადები გაზარდოს.

მათივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია, რის გამოც ყოველწლიურად, დაახლოებით, 11 400 ადამიანი იღუპება.

„თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად კარგავს 825 მილიონ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია. 2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში, 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით.

ამ შედეგის მისაღწევად, საქართველომ უნდა უპასუხოს რამდენიმე გამოწვევას თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის სფეროში“, - აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, საქართველოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, კერძოდ, სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის, რაც, მათივე შეფასებით, თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გადასახადს გვერდი აუაროს.

„აღნიშნული მწეველთა ნაწილს, ნაცვლად იმისა, რომ თამბაქოზე თავის დანებებით სარგებელი მიიღოს, მისი მოხმარების შემცირების გამო, თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ სფეროში შერეული დაბეგვრის სისტემის შემოღებითა (იმავდროულად ფიქსირებული აქციზის მაღალი წილის შენარჩუნებით) და გადასახადების ზრდით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები და ფასები რეგიონში კვლავაც ერთ-ერთი დაბალია. გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რათა მწეველებს ამ სახიფათო პროდუქტზე თავის დანებების სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ. გადასახადების გაზრდა თავიდან აგვაცილებს უამრავი არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზდების მხრიდან თამბაქოს მოხმარების დაწყებასაც. გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა.

„ის მომგებიანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო სააგენტოები ქვეყნებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ მტკიცებულებები და არა თამბაქოს ინდუსტრიისეული შეცდომაში შემყვანი არგუმენტები. არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს მის მოხმარებას, ეს უფრო შესამჩნევია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიანებში. გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით, 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.

მთავრობებისთვის თამბაქოს დაბეგვრა „მოგება-მოგების“ პოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რითაც დამატებითი შემოსავლების გენერირებაც მოხდება და მოხმარებაც შემცირდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, რომელიც საცალო ფასებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამცირებს მოხმარებას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თამბაქოს აქციზური განაკვეთის გაორმაგება სიგარეტის გადასახადიდან შემოსავლებს 30%-ზე მეტით ზრდის“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

მათივე შეფასებით, თამბაქოს გადასახადები ღარიბ მოსახლეობას და ახალგაზრდებს იცავს.

„თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული მხარეების მტკიცებით, თამბაქოზე გადასახადის ზრდას ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ასეთი კარგი ეფექტი არ ექნება, რადგან თურმე დრამატულად გაიზრდება უკანონო ვაჭრობა და მწეველები არალეგალური პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ. თუმცა, რეალური მტკიცებულებების თანახმად, უკანონო ვაჭრობის პრევენცია და კონტროლი უპირველესად კანონის ადმინისტრირების საკითხია და ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის ზრდა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირ უკანონო ვაჭრობის ზრდას.

2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდის და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით, 50%-ს შეადგენდა. მაგრამ მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე გადასახადები პრაქტიკულად, რამდენჯერმე გაზარდა და ზოგადად, კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი, შესამჩნევად გაიზარდა“, - აღნიშნავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა