ოთარ დანელია - სამი დღეა დარჩენილი და მჯერა, რომ ამ დღეების განმავლობაში მიწებთან დაკავშირებით ვერც ერთი არასასურველი ტრანზაქცია ვერ მოხდება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, თუმცა ვადასტურებ, რომ კანონზე და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა არავინ დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე კომენტარებისას განაცხადა.

დანელიას განმარტებით, ორკვირიანი ვნებათაღელვა, რაც გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი არ უნდა გახდეს.

„მე პატივს ვცემ ყველა ინსტიტუტს ქვეყანაში. როგორც კანონმდებელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივი მესმის, გამომდინარე იქედან, რომ მათ იხელმძღვანელეს პრეცედენტით და შესაბამისად, ის სხვა პრეცედენტს ვერ დაუშვებდა. თუმცა შესაძლებელი იყო სწორი დროის შერჩევა, ვინაიდან ამან გააჩინა ცალსახა რისკი და დაძაბულობა განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროსა და მის სერვისებთან მიმართებაში,“- განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, ეს პროტესტი ეროვნული პათოსით არის გამსჭვალული და აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების შეუზღუდავად მიღების საშუალება უნდა მიეცეთ.

კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ არასასურველ ინციდენტებს ადგილი არ ექნება.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას ინფორმაციით, ორშაბათს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არც ერთი რეგისტრაცია არ მომხდარა.

„ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც იუსტიციის მინისტრისგან მაქვს. რეალურად, სამი სამუშაო დღეა დარჩენილი და მჯერა, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერც ერთი არასასურველი ტრანზაქცია ვერ მოხდება. მოგეხსენებათ, მიწის ყიდვისთვის ძალიან ბევრი დოკუმენტაციაა საჭირო. ის სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენს კანონმდებლობასთან და განაცხადები ძალიან ხშირად ხარვეზდება ხოლმე“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, განაცხადების დაკმაყოფილება სამ სამუშაო დღეში სავარაუდოდ ფიზიკურად ვერ მოესწრება.

პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვას ისედაც ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს