„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმოებაშია 2018 წლის 12 ივლისს მოკლული 22 წლის გევორქ სარქისიანის საქმე, ორგანიზაცია იცავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მარია სარქისიანის სამართლებრივ ინტერესს.

„მას შემდეგ რაც ორგანიზაცია გაეცნო გევორქ სარქისიანის სისხლის სამართლის მასალებს გამოიკვეთა, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“, რომელშიც მონაწილეობდა 9 პირი, შესაბამისად აშკარად იკვეთება რამდენიმე პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ნიშნები, თუმცა პროკურატურა აღნიშნულ საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აკვალიფიცირებს, სადაც აღნიშნული მუხლით ბრალი მხოლოდ ერთ პირს აქვს წარდგენილი და დანარჩენი 4 პირის ბრალეულობა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით არის დაკვალიფიცირებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ გევორქ სარქისიანის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით, რადგან ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საქმის გარემოებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გევორქ სარქისიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს სრულყოფილად და ეფექტიანად, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა 9 პირი, ხოლო ბრალი წარდგენილი აქვს მხოლოდ 5 პირს. ბოლო პერიოდში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმოებაში არსებულ არაერთ საქმეზე იკვეთება პროკურატურის მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულება როდესაც ჯგუფურ დანაშაულებრივ ქმედებებზე, სადაც შესაძლო დანაშაულის ჩამდენი 2-ზე მეტი პირის მონაწილეობაა გამოვლენილი, გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადო კვალიფიკაციით, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებულ 2 საქმეზე, კერძოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, ასევე უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემთხვევაზე გამოიკვეთა პროკურატურის მხრიდან ანალოგიური, მანკიერი პრაქტიკა, პროკურატურას არ მოუხდენია ჯგუფური დანაშაულზე აქცენტის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში აშკარად იყო გამოკვეთილი 2-ზე მეტი პირის მონაწილეობა. პროკურატურის ასეთი არაეფექტური, კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის არსებობა მნიშვნელოვნად ასუსტებს მართლმსაჯულების ხარისხს და პირდაპირ მიუთითებს, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის სისუსტეზე ასევე სახელმწიფოს ნების დეფიციტზე, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას: საქმეზე ყურადღება გამახვილდეს, როგორც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე; შეცვალოს კვალიფიკაცია სსკ-ის 108 მუხლიდან და გამოძიება დაიწყოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა