ბიძინა გეგიძის განცხადებით, ჟვანიას ქუჩაზე  მშენებლობები კვლავ დარღვევებით მიმდინარეობს

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის თემა ეხებოდა თბილისში, ნინო ჟვანის ქუჩა №88-ის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შედეგად მდინარე ვარაზისხევის ხეობაში ინერტული მასალის ჩაყრას, რომელსაც ფრაქცია მიმდინარე წლის აგვისტოდან სწავლობს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ, განაცხადა საკითხის შესწავლის პროცესი დაიწყო მაშინ, როდესაც, როგორც ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს, მოსახლეობამ მომართა.

„პირველ რიგში, ვისთანაც გვქონდა კითხვები, ეს იყო თბილისის მუნიციპალიტეტი, შემდეგ აკადემიურ წრეებს მივმართეთ, ყველაზე რესპექტაბელური წარმომადგენლობა იყო აკადემიური წრეებიდან, ერთად ვიმსჯელეთ გეოლოგებთან, ჰიდროლოგებთან. თბილისის მერმა განაცხადა, რომ სრულფასოვანი კვლევა სანამ არ ჩატარდებოდა ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარედ, არანაირი მშენებლობა არ გაგრძელდებოდა და ქაოტური მშენებლობების დასარეგულირებლად მორატორიუმი უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ამის პარალელურად, ხდება საპირისპირო პროცესები. მდინარე ვარაზისხევში, ჭალის ამოვსება სწორედ ამ განცხადებების შემდეგ მოხდა. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა: თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოცხადებულია ტენდერი, გამოვლენილია კომპანია, რომელსაც აქვს აღებული ვალდებულება, რომ ვარაზისხევის მარჯვენა და მარცხენა ფერდების საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში, შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს. დავუშვათ, ჩატარებული კვლევის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება, მაშინ რა უნდა ქნას თბილისის მერიამ?! გამოდის, რომ მერია, ერთი მხრივ, აცხადებს ტენდერს, მეორე მხრივ კი გასცემს ნებართვებს. ეს პირდაპირ მიანიშნებს არაკომპეტენტურობაზე“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ბიძინა გეგიძის განცხადებით, კომპეტენციის საკითხის გარდა, სხვა კითხვებიც ჩნდება.

„ინერტული მასალის მდინარის ჭალაში ჩაყრის შემდეგ, კომპენსაციის სახით, შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპმა“ თავის თავზე აიღო მდინარის ჭალაში რეკრეაციული ზონის მოწყობის პასუხისმგებლობა. არის თუ არა ეს ყველაფერი სრულფასოვანი კომპენსაცია? ინერტული მასალის გამოტანისა და მდინარის ჭალის ნაცვლად, სხვა ადგილზე გადაყრის ხარჯი ბევრად მეტიც არის და კომპანიას მეტი დროც დასჭირდებოდა, რადგან ჟვანიას ქუჩის არასწორი დაგეგმარების გამო, მძიმე ტექნიკის მუშაობა ურთულესია. შესაბამისად, კომპანიას მის გამოსატანად შეიძლება 2 წელიც დასჭირვებოდა, მშენებლობა გაჩერებულიყო და უზარმაზარი ფინანსური ზარალი ენახა”, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მშენებლობის საკითხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმაც შეაფასა. მისი განცხადებით, როდესაც თბილისის მერია მშენებლობების ნებართვას გასცემს, განაშენიანების რეგულირების გეგმას ან მიწის სამშენებლო გამოყენების პირობებს როდესაც ამტკიცებს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში მასალებს ხშირად აგზავნის, თუმცა შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ შემთხვევაში, სააგენტოში არანაირი დოკუმენტაცია არ შესულა.

„სააგენტო წერს შესაბამის დასკვნას და თბილისის მერიას რეკომენდაციებს უგზავნის. შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის“ შემთხვევაში, ჩვენთან არანაირი დოკუმენტაცია არ შემოსულა და, შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი არ განგვიხილავს. აღნიშნულ ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ინფორმაციის შემოსვლისთანავე შესაბამისი ინსპექტორები წავიდიდნენ ადგილზე სიტუაციის შესასწავლად, რის შედეგადაც თბილისის მერის სახელზე მომზადდა წერილი, სადაც აღწერილი იყო ყველა ის კონსტრუქცია, რაც სამშენებლო მოედნის მიმდებარედ არის მოწყობილი. წერილში ასევე მითითებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშრალი ხევი ამოვსებულია და განთავსებულია წყალგამტარი სისტემა, მაგრამ მერიიდან პასუხი მოვიდა, რომ ყველაფერი, რაც წერილში მივუთითეთ, აბსოლუტურად კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებშია მოქცეული. ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ახლა ჩვენ რომ ჩავთვალოთ, რომ თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა თავის დროზე არასწორად გასცა მშენებლობის ნებართვა, ჩვენ ერთი ადმინისტრაციული ორგანო მეორეს ვეღარ ვუჩივლებთ იმიტომ, რომ უკვე გავიდა გასაჩივრების ვადა“, - განაცხადა მან.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ამიტომ აღნიშნულ პროცესს თვალყურს მუდმივ რეჟიმში მიადევნებს, სანამ სამართლიანი შედეგი არ დადგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა