მაია ცქიტიშვილი - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხის დაბრუნება სახელმწიფოს დიდი ამოცანაა

წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხის დაბრუნება სახელმწიფოს დიდი ამოცანაა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც - მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი. დღეს სახელმწიფოს წინაშე დიდი ამოცანა დგას - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დავაბრუნოთ, ეს უნდა შევძლოთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით და ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს მთისადმი მიძღვნილი დღეები.

„მომავალი წლიდან ვგეგმავთ მთის კვირეულის აღნიშვნას ზაფხულში. ასე გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ მთისადმი მიძღვნილი დღეები, გვექნება შესაძლებლობა გეოგრაფიულად მოვიცვათ მეტი რეგიონი, დავგეგმოთ მეტი ღონისძიება და დავაინტერესოთ მეტი ტურისტი. მთის კვირეული უნდა ვაქციოთ ტრადიციად, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოება და კერძო სექტორი ჩაერთვება”, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას 11 სექტემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ, ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები „მთის შვილის“ სიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო