სალომე სამადაშვილი - ჩემი სურვილია, რომ 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შევუერთდე

ჩემი სურვილია, რომ შევუერთდე 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა. სალომე სამადაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე გაჟღერდეს გამაერთიანებელი გზავნილები და არა ისეთი, როგორიც არის ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გამოცხადება.

„მე ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მასზე სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში არსებული ყველა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ამ აქციის მოთხოვნები უნდა იყოს ისეთი, რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს კონსოლიდირებას. კარგი იქნება, რომ ამ მოთხოვნების უკან გაერთიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ჩემი პოზიცია არის ის, რომ აქციის მოთხოვნა იყოს გამაერთიანებელი. მიმაჩნია რომ ისეთი გზავნილი, როგორიც წინა აქციაზე გაჟღერდა, რომ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძე არის პრეზიდენტი, ვერ იქნება გამაერთიანებელი გზავნილი. ჩვენ უნდა გვქონდეს გზავნილი, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული და სალომე ზურაბიშვილი არ იქნება დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი. ამაში ეჭვრი არავის შეაქვს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ გრიგოლ ვაშაძე ინაუგურაციის პარალელურად ვერ გამოცხადდება პრეზიდენტად.

ჩემი სურვილია, რომ შევუერთდე აქციას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე იყოს ისეთი გზავნილები, რომელიც ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროცესების დასაწყისი, რომელსაც ექნება ლოგიკური გაგრძელება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ არანაირ აქციაში აღარ მიიღებს მონაწილეობას, სანამ გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

„ინაუგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.

ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, - წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა