ჟენევაში მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართება

ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით დღეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია დააყენებს ყველა იმ გამოწვევას, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება რუსეთის მხრიდან უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგად.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გალსა და ახალგორში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. საქართველოს წარმომადგენლები დასვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებენ სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო პროცესებზე. ქართველი მონაწილეები კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ვრცლად ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციის პროცესზე და მოითხოვს მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობოდ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით აღდგენას. წინა დღეს საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან. 11 დეკემბერს გაიმართა ასევე საინფორმაციო სესია თემაზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, რომლის დროსაც განიხილეს ქალთა ჩართულობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხაზი გაესვა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე მუშაობის აუცილებლობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო