გიგა ბოკერია უმრავლესობას - ამდენს იმიტომ ბედავთ, რომ ბევრნი ხართ? ეს არის თქვენი წესი?

ამბობთ, რომ მოგვიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოგვიწყოთ? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულების მხარეს იქნებით? - ამის შესახებ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, დეპუტატებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

„ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ მომიწევს კიდევ ერთხელ დაბრუნება იმ ინციდენტის გამო, რაც აქ მოხდა. არსებობს ქცევის წესები. თუ ვინმე თვლის, რომ დეპუტატი ხელს უშლის სხვა დეპუტატს გამოსვლაში, ამისთვის არსებობენ მანდატურები, არსებობს სხდომის წამყვანი, რომ მიიღოს ზომები. მაგრამ საქმე ეს არ არის. თქვენ წყობიდან გამოდიხართ შინაარსის და ზოგიერთ შემთხვევაში ოპონენტების მანერების გამო და წესების მიხედვით მოქცევა კი არ გინდათ, არამედ ქუჩური გარჩევის მოწყობა და ძალის დემონსტრირება გინდათ. რადგან ბევრნი ხართ, ბევრი შეგიძლიათ იყვიროთ. თუ ვინმეს გამოსვლა ან მისი მანერები არ მოგწონთ, მერე ასეთ ფიზიკურ გარჩევებს აწყობთ. ეს არის ამ პარლამენტის სახე და სირცხვილი“, - განაცხადა ბოკერიამ.

მის გამოსვლას „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

„ახლა მაინც მიიღებთ ზომებს, რომ დააწყნაროთ თქვენი კოლეგები. ასეთი საქციელის გამო, როგორც ახლა თქვენ იქცევით, 20 წუთის წინ გაწევ-გამოწევა იყო. თქვენ იმიტომ ბედავთ, რომ ბევრნი ხართ? ეს არის თქვენი წესი? ამბობთ, რომ მოგვიგეთ არჩევნები და ამიტომ ეს გარჩევები უნდა მოგვიწყოთ? და რომ წააგებთ, მერე თქვენ უნდა გცემონ გარეთ, დერეფანში? ვერ გცემენ, იმიტომ რომ ჯანიანი ხარ? თუ იარაღი გაქვს? ზუსტად ამას გეუბნებით, ეს არის თქვენი თამაშის წესი. ძალიან გინდათ 90-იან წლებში დაბრუნება? დარწმუნებულები ხართ, რომ სულ გამარჯვებულების მხარეს იქნებით? ძალიან მაგრად ცდებით, მაგრამ სამწუხარო ის კი არ არის, რომ თქვენ დაისჯებით თქვენი უპასუხისმგებლობის გამო, ქვეყანა დაისჯება“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა