ბექა ბასილაია - ბრალდების მხარე 7 ნოემბრის საქმეს და მათ შორის პატარკაციშვილის ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკური მოტივაციით იყენებს

ბრალდების მხარე მოცემულ საქმეს და მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მოტივაციით, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმეზე პოლიტიკოსების მოწმეების სახით დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ლევან გაჩეჩილაძის, კახა კუკავასა და ზვიად ძიძიგურის ჩვენებებში სასამართლომ პოლიტიკური შეფასებები მოისმინა.

„მოწმეების ნაწილი იყვნენ პოლიტიკოსები, რომელთა ჩვენებებშიც ფაქტობრივად, პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. შესაბამისად, მათ მიმართ სამართლებრივი კითხვები არ გვქონდა, რადგან პოლიტიკურ ნაწილზე მიდიოდა საუბარი და მათი ჩვენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოცემული საქმე პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. დღეს თითოეული პოლიტიკოსი დაახლოებით, საათნახევარი აძლევდა ჩვენებას. მათი ჩვენების 90% ეხებოდა იმ საკითხს, რაში მდგომარეობდა მათი პროტესტი, რას აპროტესტებდნენ, როგორ აფასებდნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას და ამავდროულად, მათი ჩვენების ნაწილი ეთმობოდა იმ გარემოებებს, რაც 7 ნოემბერს განვითარდა და კადრებშიც ნანახი გვაქვს“, - აცხადებს ბასიალაია.

ის მოწმე ტარიელ შავერდაშვილის ჩვენებას გამოეხმაურა, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ძალიან საინტერესო იყო მოწმე ტარიელ შავერდაშვილის ჩვენება, მან პირდაპირ ამხილა ჯოზეფ ქეი თაღლითობაში და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაში. ჯოზეფ ქეი ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა ამ საქმეშიც და „რიყის საქმეშიც“. არანაირი სამართლებრივი შეფასება ბრალდების მხარეს ჯოზეფ ქეის ქმედებებთან დაკავშრებით არ მიუცია. ეს მეტყველებს, რომ ბრალდების მხარე ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. ბრალდების მხარე მოცემულ საქმეს და მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მოტივაციით, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს