პროკურორი - მოწმეებმა ისაუბრეს 2007 წლის მოვლენებზე, როგორ მოხდა ანგარიშსწორება არამხოლოდ აქციაზე შეკრებილ ადამიანებზე, არამედ ორგანიზატორებზე

მოწმეებმა ისაუბრეს 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე, თუ როგორ მოხდა ანგარიშსწორება არამხოლოდ აქციაზე შეკრებილ ადამიანებზე, არამედ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებზე, როგორ იქნა ნაცემი როგორც ლევან გაჩეჩილაძე, ასევე ზვიად ძიძიგური და ოპოზიციის სხვა ლიდერები, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან 7 ნოემბრის საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ოთხი მოწმე დაკითხა.

პოლიტიკოსებმა თავიანთ ჩვენებებში 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი დარბევის შესახებ ისაუბრეს, ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა ტარიელ შავერდაშვილმა კი პატარკაციშვილის ქონებასთან და ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით მისცა სასამართლოს ჩვენება.

როგორც დავით ნეფარიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც იმჟამინდელ ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჯოზეფ ქეის საშუალებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ 4 მოწმის დაკითხვა მოვასწარით, მათგან ერთი ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი გახლდათ, რომელმაც საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესებთან დაკავშირებით ისაუბრა. ტელეკომპანია „იმედი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მთაწმინდის პარკი და ა.შ. ყველა დაფუძნებული იყო ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით, მისი დაფინანსებით, უბრალოდ ჯოზეფ ქეი იყო მისი ფინანსური მმართველი, რომელიც ისევ პატარკაციშვილის სურვილით იქნა ამ საქმეში ჩართული. რეალურად, ჯოზეფ ქეის ამ კომპანიების შექმნაში არანაირი ფინანსური მონაწილეობა არ მიუღია. მას შემდეგ, რაც იმჟამინდელ ხელისუფლებასა და პატარკაციშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჯოზეფ ქეის საშუალებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ბადრი პატარკაციშვილის ქონებების ხელში ჩაგდება, მათ შორის, რუსთავის მეტალორგიული ქარხნის წილი გაფორმებული იქნა ჯოზეფ ქეისთვის.

რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, ესენი გახლდნენ, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ 2007 წლის ნოემბერის დასაწყისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებმაც ისაუბრეს თუ რა მოთხოვნით მოხდა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების შეკრება. იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელისუფლების გადატრიალების ორგანიზებას აბრალებდენ.

მოწმეებმა ისაუბრეს 2007 წელს განვითარებულ მოვლენებზე, თუ როგორ მოხდა ანგარიშსწორება არამხოლოდ იქ შეკრებილ ადამიანებზე, არამედ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებზე,როგორ იქნა ნაცემი, როგორც ლევან გაჩეჩილაძე, ასევე ზვიად ძიძიგური და ოპოზიციის სხვა ლიდერები.

ასევე ისაუბრეს, 2007 წლის 7 ნოემბერს უკვე ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში განვითარებულ მოვლენებზე“, - განაცხადა ნეფარიძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს