ლია გიგაურმა პანკისში შეხვედრები გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც ხეობაში უახლოეს მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, თავდაპირველად მინისტრის მოადგილე ომალოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ღია გაკვეთილს დაესწრო და პედაგოგებისაგან სკოლის დღის წესრიგში მდგარი გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

მოგვიანებით ლია გიგაურმა დუისში გადაინაცვლა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში უხუცესებთან გამართა შეხვედრა, სადაც პანკისში ჩატარებული სამუშაოები მიმოიხილეს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უხუცესებს პანკისის განვითარებასთან დაკავშირებით აპარატის ხედვა გააცნო და ის ინიციატივები და პროექტები მიმოიხილა, რომელთა განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ხეობის საჭიროებებზე საუბარს მიეძღვნა ახმეტის მუნიციპალურ „ქალთა ოთახში“ გამართული შეხვედრაც, რომელსაც ქისტ ქალთა საბჭოს წევრები და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობაში ქისტების დასახლებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ დოღსაც დაესწრო და მონაწილეები უხუცესთა საბჭოს წევრთან, ხასო ხანგოშვილთან ერთად ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

ლია გიგაურის თქმით, პანკისში მსგავსი ვიზიტების გამართვა უკვე ტრადიციაა, რომელიც გაწეული საქმიანობის შეჯერებას, არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და სამომავლო გეგმების დასახვას ეთმობა.

„შეხვედრებზე გულწრფელად ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელთა გადაჭრაც ურთიერთთანამშრომლობას საჭიროებს და რაშიც ცენტრალური ხელისუფლების თანადგომაა საჭირო. ასევე, ვაჟღერებთ ახალ ინიციატივებს. დღეს პანკისის მოსახლეობისათვის, აგრეთვე უხუცესებისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ გარკვეული საკითხების მოგვარება ძალიან მალე დაიწყება. ერთ-ერთი მათგანია ხეობაში საცხენოსნო სკოლის მოწყობა, რამდენადაც ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია. მეორე კი - კულტურის სახლის რეაბილიტაცია. განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა დაიმსახურა. სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისათვის ახალგაზრდების ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლია გიგაურმა.

უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ შეხვედრებზე გაჟღერებული ინიციატივები მალევე განხორციელდება. მისი თქმით, პანკისის ხეობის მოსახლეობისათვის მსგავსი ყურადღება მნიშვნელოვანია.

„ხელისუფლების დამოკიდებულება პანკისის ხეობისადმი ძალიან დადებითია, ამიტომაც ჩვენ ამ ვიზიტს დიდი იმედით შევხვდით. როცა პანკისში ქისტების დასახლებიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით ასეთი ზეიმი ტარდება და სახელმწიფო, ქართველი ხალხი მასში მონაწილეობას იღებს, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სტიმულის მომცემია“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო