იაპონიის ელჩმა ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, იაპონიის ელჩი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

მათი ინფორმაციით, ელჩმა ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახალი შენობა დაათვალიერა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით და თანამედროვე ლაბორატორიებითაა აღჭურვილი.

ტადაჰარუ უეჰარასთან საუბრისას არჩილ ფრანგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამიანობასა და იაპონელ მეცნიერებთან მჭიდრო კოლაბორაციაზე. რექტორი, ასევე, შეეხო ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის ახალ მეთოდებსა და საგანმანათლებლო სივრცეების ახლებურად მოწყობის საკითხებს.

„უპირველეს ყოვლისა, იაპონიის ელჩს აინტერესებდა ენახა ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლადშექმნილი ტექნიკური გადამზადების ცენტრი, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე, ელჩმა სურვილი გამოთქვა, სტუდენტებისთვის ჩაეტარებინა საჯარო ლექცია იაპონიის კულტურის, ცივილიზაციისა და იმ თემების შესახებ, რაც თანამედროვე იაპონურ წარმოებას და მაღალ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს იაპონიასთან - მათ წამყვან მეცნიერებთან ერთად ვმონაწილეობთ უნიკალურ Comet-ექსპერიმენტში. ჩვენი უნივერსიტეტი ამ ექსპერიმენტის წევრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის. Comet-ექსპერიმენტის იაპონელმა მეცნიერებმა განაცხადეს კიდეც ტექნიკური უნივერსიტეტის როლის შესახებ მეგაექსპერიმენტებში, როგორც ფიზიკის, ასევე ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ვფიქრობთ, არსებობს იდეალური საშუალებები განვახორციელოთ ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი იაპონიიდან საქართველოში და პირიქით. იაპონიის მხარესთან ვგეგმავთ სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ამჟამად, დეტალების დაზუსტებაზე ვმუშაობთ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რაც ჩვენს სტუდენტებს დიდ შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის დონე“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

იაპონიის ელჩი საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „იაპონური კულტურა და იაპონურ საწარმოთა ტრადიციული ღირებულებები“.

ტადაჰარუ უეჰარა სტუდენტებს იაპონური კულტურის სპეციფიკაზე ესაუბრა და იმ ასპექტებზე გაუმახვილა ყურადღება, რამაც იაპონიის ეკონომიკა არა მხოლოდ დააყენა ფეხზე, არამედ იმდენად განავითარა, რომ მსოფლიოში დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართველმა სტუდენტებმა უფრო მეტი შეიტყონ იაპონურ კულტურაზე, იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია იაპონიაში კულტურამ ბიზნესზე . ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. სწორედ ამან განავითარა და გააძლიერა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება, ველით, რომ თანამშრომლობა ბიზნესის მიმართულებითაც განვითარდება“, - აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში.

ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.02.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ