თენგიზ ფხალაძე - ჩვენი პარტნიორების დიდ ინტერესს იწვევს, როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა

პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში გამართული შეხვედრის მიზანს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა.

როგორც ჟურნალისტებს თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, საჯარო სამსახურის რეფორმა იყო საერთაშორისო პარტნიორებთან იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბუნებრივია, უაღრესად დიდია ინტერესი ნებისმიერი ცვლილების მიმართ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს და ჩრდილი მიაყენოს ამ რეფორმას.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რას წარმოადგენს მისი გუნდი და ამ შენობაში მომუშავე საჯარო მოხელეები. ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტის გუნდი ტოვებს ამ შენობას პრეზიდენტთან ერთად ინაუგურაციის დღეს. საუბარი არის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დროიდან და არიან აბსოლუტურად აპოლიტიკურები. მათ აქვთ თავიანთი საკლასო ჩინები და არიან თავისი საქმის პროფესიონალები. ის, თუ როგორ განხორციელდება საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა, ჩვენი პარტნიორების დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოს აქვს თავისი ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით და საჯარო მოხელის დაცვა ამის ერთ-ერთი ნაწილია", - განაცხადა ფხალაძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა