„მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გამართულ შეხვედრას საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი ესწრებოდა, რომელმაც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ საარჩევნო ოლქებში ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული ძირითადი ელექტორალური ხასიათის ტენდენციებისა და ზოგადი შეფასებების თაობაზე.
„გარდა აღნიშნულისა, შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდის გარემო და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს გაუზიარეს რეკომენდაციები შემდგომი საარჩევნო ციკლებისათვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.