ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასამართლო მედიაციის თემაზე შეხვედრას გამართავს

14 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გორში შეხვედრას გამართავს.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლების ინფორმაციით, გორელ ადვოკატებს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი შეხვდება. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის არის და საუბარი გორში დაგეგმილ მედიაციის ცენტრის გახსნას უკავშირდება. შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გორის რაიონულ სასამართლოსთან შეთანხმებით იმართება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანია ადვოკატებისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების სისტემაში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, მნიშვნელობის გაცნობა.

შეხვედრაზე მედიაციის აქტუალურ საკითხებზე და მედიაციაში ადვოკატების როლზე ისაუბრებენ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება ყველასათვის" პროექტის ექსპერტი ლიანა ქარცივაძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი.

„სასამართლო მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა. ის არის დავის მოგვარების სწრაფი, კონფიდენციალური, ნაკლებად ხარჯიანი და მხარეთა ინტერესებზე მორგებული საშუალება. სასამართლო მედიაცია ორიენტირებულია არა მოგება-წაგებაზე, არამედ დავის შეთანხმებით დასრულებაზე. მედიაციაზე მიღწეული შეთანხმება სასამართლოს მიერ აღსრულებადია.

სასამართლო მედიაციით სარგებლობის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე მედიაციას 143 საქმე გადაეცა, მხარეთა მორიგების მაჩვენებელმა კი 70% შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად მედიაცია ვალდებულებითი სამართლებრივი დავის კატეგორიაშია გამოყენებული, მეორე პოზიციაზე სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავის კატეგორიაა.

მესამე წელია საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივ პროექტს „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში““, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა