2019 წელს ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, „თბილისი მარიოტში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას.

„სახელმწიფო იწყებს მნიშვნელოვან კომპლექსურ პროგრამას ორგანული პროდუქციის წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის კუთხით, რაც პრემიერ- მინისტრის „მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის“ ინიციატივის ნაწილია. აქამდე იყო ფრაგმენტული დახმარებები ფერმერული მეურნეობებისთვის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის ბაზა, რომელზეც უნდა ავაშენოთ უფრო ფართომასშტაბიანი მსხვილი პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ეს გულისხმობს, როგორც კონკრეტულ თანადაფინანსებას პირველადი თუ გადამმუშავებელი მწარმოებლებისთვის და საგადასახადო შეღავათებს, ისე სერტიფიცირების პროცესსა და ცოდნაში დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დიზაინში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ასოციაციები, რომლებსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ორგანული მეურნეობების წახალისების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიოწარმოების მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ახალი პროექტი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

იხილეთ ვიდეო: ორგანული წარმოებისა და სერტიფიცირების ხელშეწყობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს