პრეზიდენტი - არიან "ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალები", ექსპორტირებული "ნაციონალები” - "ევროპული საქართველო" და ჭეშმარიტი "ნაციონალები", რომლებიც არიან "ნაცმოძრაობაში"

ვხედავთ, რომ არიან "ქართულ ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალები", არიან ექსპორტირებული "ნაციონალები” - "ევროპული საქართველო" და ჭეშმარიტი "ნაციონალები", რომლებიც არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მარგველაშვილის შეფასებით, "ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, "ჭეშმარიტებმა" რა დააშავეს და ამას ვუყურებთ, როგორც პოლიტიკურ დებატებს".

"როდესაც ჩვენ მოვედით, „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ მართლაც ძალიან, უფრო გაყოფილი იყო პოლიტიკური სპექტრი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გუნდის ლიდერი, რომელიც მანამდე არ იყო პოლიტიკაში და ჩვენ ვიყავით მის ირგვლივ გაერთიანებული ძალები, რომლებსაც გვქონდა ბიოგრაფია ოპოზიციაში ყოფნის, ზოგს "ნაციონალურ მოძრაობაში", ზოგს მანამდე. ეს იყო მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაერთიანება. ტემპერატურა იწევდა იქედან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას არ ეტყობოდა დემოკრატიის ის მაჩვენებლები, რომ ისინი იოლად დათმობდნენ ხელისუფლებას. მაშინ ჩემი აზრით, უფრო დაპირისპირებული იყო სპექტრი. რა მოხდა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში? - ფაქტობრივად, "ქართულ ოცნებაში" არ დარჩნენ პოლიტიკური ლიდერები, ვისაც ოპოზიციური გამოცდილება ჰქონდა, რამდენიმე ერთეული გამონაკლისის გარდა. ნელ-ნელა, 2016 წლისთვის, ის პოლიტიკური ლიდერები და ოპოზიცია, რომელიც დაპირისპირებული იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან", მან შეწყვიტა არსებობა და ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება. ცოტა იუმორსაც თუ შევიტანთ გეტყვით, რომ შიგნით, როცა ვარჩევთ პოლიტიკურ რეალობას, ვხედავთ, რომ არიან პორტირებული "ნაციონალები", არიან ექსპორტირებული "ნაციონალები" - "ევროპული საქართველო" და ჭეშმარიტი "ნაციონალები", რომლებიც არიან "ნაციონალურ მოძრაობაში". ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, "ჭეშმარიტებმა" რა დააშავეს და ამას ვუყურებთ, როგორც პოლიტიკურ დებატებს და ვერ ერთვები ამაში. რამდენ ხანს უნდა უყურო ერთიდაიგივე ამბავს, როდესაც რომელიღაც ჩინოვნიკი ადეიშვილის ან მერაბიშვილის, უყვება მთელ საქართველოს, რა საშინელება იყო ეს პროცესი? - ამას ვაკვირდებოდით წლების განმავლობაში. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას. ეს არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკოსები, არის ბევრი ემოცია, მაგრამ პოლიტიკური შინაარსი, რაზე, რის თაობაზე მიმდინარეობს მსჯელობა, არ არსებობს. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი",- განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "პორტირებულები, დეპორტირებულები და ჭეშმარიტები" - გიორგი მარგველაშვილმა ჩამოთვალა თუ როგორი "ნაციონალები" არსებობენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა