მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი -  ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა

დღეს დავკითხეთ 11 მოწმე, მათ შორის, 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, გამომძიებლები და არასრულწლოვნები. ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულებრივი ქმედება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს დაკითხული მოწმეები დ.ღ.-ს ბრალეულობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

„წარმოდგენილი მოწმეები საერთოდ არ ყოფილან ხორავას ქუჩაზე, 4 ნომრის ეზოში. მოწმეები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, მათ ცალსახად განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ დ.ღ.-მ მისცა ცრუ ჩვენება. გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ მათ შეასრულეს საგამოძიებო მოქმედებები და ამით დასრულდა დღევანდელი მოწმეების გამოკითხვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის უდანაშაულო", - განაცხადა სიხუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ