ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ პლენარულ სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ სახელით, ვეხმაურებით 12 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველ რიგში, კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არამხოლოდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ თითოეულ საარჩევნო ოლქში და მთელს ქვეყანაში!

ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს კოლეგებს და რა თქმა უნდა, ოპოზიციის წევრებს, პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს და მკაცრად ვიცავთ საპარლამენტო ეთიკის ნორმებს. შესაბამისად, ყველას და განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოვუწოდებთ ანალოგიური ქცევისკენ.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, რომელიც ჩვენი ფრაქციის რამდენიმე წევრის მისამართით გაისმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მიერ - გვაქვს მხოლოდ ერთი დასკვნა და პასუხი: ფაქტია, ჩვენი მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული აგრესიით თავს ესხმიან იმ ოლქებს, სადაც როგორც პირველ, ისე მეორე ტურში, უპირობო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს კამპანია მიმდინარეობს გამარჯვებული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით!

ამასთანავე, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ოპონენტების მხრიდან ყოვლად დაუსაბუთებელ თავდასხმას ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარზე, ბატონ ენზელ მკოიანზე, ხოლო მეორეს მხრივ, მოვისმინეთ გაურკვეველი მუქარა დმანისისა და წალკის მაჟორიტარის, ბატონი კახა ოქრიაშვილის მისამართით.

ჩვენი შეფასებით, ეს არის თავდასხმა არამხოლოდ კონკრეტულ ოლქებსა და გამარჯვებულ მაჟორიტარებზე, არამედ თავდასხმა მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, როგორც მაჟორიტარებისთვის. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ორ-მესამედში სწორედ შერეული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებია აპრობირებული და ეფექტურადაც მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს