სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნაზე გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" სარჩელი არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგინეს უტყუარი მტკიცებულებები, რითაც მოხდა ამომრჩევლის მოსყიდვა.

„დღეს სასამართლოში იხილებოდა სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმება ამომრჩევლის მოსყიდვის გამო. უტყუარი მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, რომ მოხდა ამომრჩევლის მოსყიდვა, რასაც იზიარებდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და განაცხადა, რომ მაგალითად კახა კალაძეს ან „ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი არ აქვს სალომე ზურაბიშვილთან და ის ადამიანები, ვინც ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებდნენ, მხოლოდ თავისი ინიციატივით აკეთებდნენ ამას", - განაცხადა გიორგი ჟამუტაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში სასამართლო ფორმალობად იქცა.

„პირველი ინსტანციის მოსამართლემ ნინო ბუაჩიძემ, სანამ გადაწყვეტილების მისაღებად შევიდოდა, წინმსწრებად განაცხადა, რომ აღნიშნულ სარჩელზე იქნებოდა სასამართლოს უარი. მისთვის ეს პოლიტიკური დაკვეთა რომ აუცილებლად შესასრულებელი იყო, წინმსწრებად გამოგვიცხადა. ძალიან სამწუხაროა, რომ სააპელაციო სასამართლომაც იგივე ბედი გაიზიარა და ნაცვლად იმისა, რომ კანონით ეხელმძღვანელა, გადაწყვიტა შეესრულებინა პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. სასამართლო იქცა სრულ ფორმალობად. აქ იყო ივანიშვილის პირადი ინტერესი, რომ ზურაბიშვილს რეგისტრაცია არ გაუქმებულიყო. ზურაბიშვილი არის მისი ხელდასმული პრეზიდენტი. 90-იან წლებში როგორც უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის ადგილებს ყიდულობდნენ, ისე უყიდა პრეზიდენტის სკამი", - განაცხადა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, ცესკოს წარმომადგენელი გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ საქმის მასალების შედეგად გამოვლენილი გარემოებები ვერ გახდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი.

„მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე ახალ გარემოებაზე არ უსაუბრია. ძირითადად შემოიფარგლებოდა იმ მტკიცებულებებით, რაც პირველ ინსტანციაშივე იყო წარმოდგენილი, ხოლო აღნიშნული საქმის მასალების შედეგად გამოვლენილი გარემოებები ვერ გახდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი", - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა