პროკურატურა ზაზა ბაქრაძისთვის  პირობით მსჯავრს 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე 5 000-ლარიან ჯარიმას ითხოვს

პროკურატურა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ზაზა ბაქრაძისთვის პირობით მსჯავრს 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე 5 000-ლარიან ჯარიმას ითხოვს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვაში ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსის, ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების, ანუ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დღეს დააყენა.

აღნიშნულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გამოაცხადებს.

"ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია. გავითვალისწინეთ დაზარალებულთა პოზიციები, დაზარალებულები ერთხმად აცხადებენ თანხმობას, რომ ზაზა ბაქრაძის მიმართ გამოყენებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათი საპროცესო შეთანხმების სახით. ამდენად, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა ზაზა ბაქრაძის მიმართ საპროცესო შეთანხმების თაობაზე, რომლის თანახმადაც, იგი ცნობილი იქნება დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთმევა თანადებობის დაკავების უფლება", - განაცხადა ოსაძემ.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 18 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო