საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეების და შპს „ნიკანის“  პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია, გვანცა გაგნიაშვილი და შპს „ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1229, №1242, №1247 და №1299).

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდებოდა პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმისა და ამავე კატეგორიის დანაშაულით დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ აღნიშნული წესი ეწინააღმდეგებოდა პირის უფლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლებები (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთანავე, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათგან განსხვავებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შეეძლოთ პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება. მათი აზრით, ამგვარი წესი უთანასწოროდ ეპყრობოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულ პირებს და არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებული პირებისათვის პროკურორის დადგენილების გასაჩივრების უფლების დიფერენცირებულად შეზღუდვა ემსახურებოდა სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სახეზე არ იყო სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების დარღვევა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრულ მნიშვნელოვან უფლებებზე წვდომის წინაპირობაა. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს - სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დავის საგანი: ა)№1229 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1242 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) №1247 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) №1299 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, -ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა