მარიამ ჯაში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტში თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018) - „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“ გაიხსნა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი მარია ჯაში.

მარიამ ჯაშმა TISIFF 2015 რეკომენდაციებზე და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის - TISIFF 2018 მოლოდინებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ინოვაციური დაფინანსების ძირითად სირთულეებზე.

„ძირითადი სირთულე არის 37 ტრილიონი დოლარის მოპოვება, რომელიც საჭიროა 2030 წლის მიზნების მისაღწევად. საუბარია წელიწადში 2,5 ტრილიონის დეფიციტზე. ფინანსური დეფიციტი განსაკუთრებით კრიტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის ფინანსური შემოსავლები ძალიან დაბალია. ამასთან, ტენდენციებიც არ არის ოპტიმისტური“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) -ის მიერ გაცემული დახმარების ოდენობა თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

„ინოვაციურ დაფინანსებას აქვს ტრანსფორმაციული ხასიათის როლი, იმისთვის რომ დააფინანსოს მდგრადი განვითარების მიზნები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ECOSOC-ის დოკუმენტების შემუშავებაში საქართველოს წარმომადგენლები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, ეს არ არის საკმარისი. როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საფრანგეთმა და საქართველომ სხვა წევრი ქვეყნებისა და წამყვან პარტნიორებთან ერთად ინოვაციური დაფინანსებისთვის ახალი პოტენციური წყაროების მოძიება დაიწყეს.

„ამ ძიების პროცესში, ინოვაციური დაფინანსების მიზნით, საქართველოში შევქმენით თბილისის პირველი საერთაშორისო ფორუმი, რის შედეგად შემუშავებული იქნა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის TISIFF- ის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დაფინანსების მობილიზაცია და გააქტიურება 2030 წლისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, რეკომენდაციები განიხილავს საერთო მოქმედებას, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ინოვაციური დაფინანსება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, TISIFF 2015 წლის დისკუსიებმა თანხების მობილიზაციისთვის 14 ახალი ინოვაციური პლატფორმა გამოკვეთა, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი, კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სპორტი და ინდუსტრიები. ეს არის ის პლატფორმები, რომელთა განვითარება, გაძლიერება და სტიმულირებაც შეიძლება გლობალური საზოგადოების მიერ.

მისი თქმით, ინოვაციური დაფინანსების შემოთავაზებულ მექანიზმებს შორის არის საგადასახადო შეღავათები, ნებაყოფლობითი კონტრიბუციები და სხვა ინსტრუმენტები. მომხსენებელმა კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა, მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებზე, რა იქნება თითოეულის დაფინანსების წყარო და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თითოეული ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდეს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ინოვაციური დაფინანსების დიალოგი სულ უფრო და უფრო ფართოვდება.

„შერეული დაფინანსება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სოციალური ზემოქმედების ინვესტიციები, მწვანე ობლიგაციები, კონტრიბუციები და საგადასახადო შეღავათები ქმნიან ტრადიციულ და განჭვრეტად პლატფორმებს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ისლამის განვითარების ბანკმა განცხადება გააკეთა, რომ 3 მლრდ. დოლარს ჩადებს ინოვაციური პლატფორმების განვითარების მიზნით.

„მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენ ძირითადად, ყურადღება გავამახვილეთ განჭვრეტად პლატფორმებზე და სამომავლო დაფინანსებაზე. იმის მიუხედავად, რომ სრულიად ახალი ეკოსისტემა წარმოიქმნა, რაც მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, წარმოიქმნა ბლოქჩეინები, კრიპტოვალუტა და ა.შ. შეიქმნა ახალი საპილოტე პროგრამები სხვადასხვა ქვეყნისთვის სიღარიბის დასაძლევად, იმისთვის რომ მდგრადი განვითარების განხორციელება მოხდეს“, - განაცხადა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა განვითარდეს ბლოქჩეინის ტექნოლოგიები. რა ინსტრუმენტები უნდა შეიქმნას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის.

„აი ეს არის ის შეკითხვები, რომელიც მოითხოვს პასუხად მილიონობით და ტრილიონობით დაფინანსებას. ამ კონტექსტის გარშემო ჩვენ შევქმენით გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გეგმა რომელიც, მიმდინარე, 2018 წლის ფორუმზე, იქნება წარმოდგენილი და განხილული. ეს არის პარტნიორობა, თანადგომა, იმისთვის რათა გავხსნათ ახალი რესურსებისათვის წვდომა ჩვენი სხვადასხვა პლატფორმისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ იმისთვის, რათა გაცილებით კარგად განვმარტოთ სოლიდარობის და ინოვაციების დაფინანსების არსი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი უნდა მოექცეს პაკეტში, რომელიც უნდა განხორციელდეს პარტნიორობისა და კოორდინაციის გზით, თავად გაეროს სისტემის შიგნით. „მიგვაჩნია, რომ გაეროს სისტემა არის ყველაზე უფრო მისადაგებული მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. გაერო-ს მიერ დაწესებული ჩარჩო დღეისთვის არის ყველაზე უფრო ქმედითი“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ფორუმზე მარიამ ჯაშმა განცხადა, რომ აფხაზეთი მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან იქ მხოლოდ განვითარების პრობლემაა, არამედ არის ჰუმანიტარული კრიზისი.

„აფხაზეთი დგას არა მხოლოდ განვითარების პრობლემის წინაშე არამედ იქ ნამდვილად ჰუმანიტარულ კრიზისთან გვაქვს საქმე და ეს მხარე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, ქვეყნების აქტივობა და რეკომენდაციები განსაზღრავს ინოვაციური დაფინანსების შემდგომ სახეს. მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ყოველივე ამას ახალი თავმჯდომარე - იაპონიის სახელმწიფო შესანიშნავად გაუძღვება.

პარლამენტში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას, საქართველო, ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის რანგში, საფრანგეთთან და გაეროსთან თანამშრომლობით მასპინძლობს. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორი ვინაი პატრიკ სალდანჰა.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდება 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის და სხვა.

ფორუმის ფარგლებში შემუშავდება TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაერო-ს გენერალური მდივნის აპარატს. ფორუმში მონაწილეობას იღებს 150 დელეგატი, მათ შორის არიან 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თბილისის TISIFF 2018 ფორუმის მიზანია გაეროს 2030 დღის წესრიგის დასაფინანსებლად ინოვაციური პლატფორმების მნიშვნელობის დადასტურება, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური დაფინანსების უფრო ეფექტური მართვის, პროგნოზირების, შედეგების ანალიზისა და გამჭირვალობისათვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა. 2015 წელს თბილისში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ფორუმის შემდეგ საქართველო გახდა ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო დიალოგის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. 2017- 2018 წლებში საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად საქართველომ 3 შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე და 73-ე სესიებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) 2018 წლის ფორუმის ფარგლებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა