ირაკლი კობახიძე - ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა

ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები და ინოვაციურები ხალხზე ზრუნვისას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასე იყოს,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეების საპატივცემულოდ, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, ფორუმის მონაწილეებმა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - მოსახლეობაზე ზრუნვის შესახებ იმსჯელეს, რაც, მისი შეფასებით, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - ხალხზე ზრუნვის შესახებ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ნებისმიერი საზოგადოებისა და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ამოცანას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით, გაგვეორმაგებინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. ჩვენ ამ სფეროში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას ვახდენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ადამიანს ვუნარჩუნებთ სიცოცხლეს და ვაუმჯობესებთ სოციალურ პირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ კრეატიულები და ინოვაციურები ხალხზე ზრუნვისას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასე იყოს. ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს, რათა გავაუმჯობესოთ ის ინიციატივები, რომელთა მიზანია სოციალური ამოცანების შესრულება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის - მარიამ ჯაშის სახელს უკავშირდება.

„ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო ინიციატივა მარიამ ჯაშის სახელს უკავშირდება. მან მოახდინა განსაკუთრებული პროექტის ინიცირება. ეს არის „სოლიდარობის ფონდი“, რომლის მიზანია ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ შევიმუშავებთ სხვა ინიციატივებსაც, რომლებიც ასეთივე წარმატებული იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეკრებილებს მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, რომელმაც დელეგატებს ფორუმში აქტიური მონაწილეობისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და გამოთქმული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ინოვაციური დაფინანსება არის სფერო, სადაც საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, მოეხდინა საკუთარი თავის პოზიციონირება გლობალურ დიალოგში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება პარიზის სამდივნოსთან, ასევე, იმედი გვაქვს, რომ იაპონიის პრეზიდენტობა გააძლიერებს პარტნიორობას და ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსიების დროს, ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ პარლამენტარებისთვის საჭიროა და ბევრს არ გააჩნია მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგთან დაკავშირებული სათანადო ცოდნა.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პატივი და უპირატესობა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს დიდი გამოცდილება გაერო-ში, განვითარების პროგრამების მიმართულებით და ეს მჭიდროდაა დაკავშირებული ღია მმართველობის პარტნიორობის პრეზიდენტობასთან და ასევე, დაკავშირებულია იმ მხარდაჭერასთან, რომელსაც სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმისგან ვიღებთ მდგრადი განვითარების დღის წესრიგისთვის. გავაგრძელებთ თანამშრომლობას შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, საპარლამენტო ცნობიერებისა და ტექნიკური ექსპერტიზისთვის“,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დარჩიამ, რომელმაც საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ფორუმს ნამდვილად გლობალური მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიოს საფიქრალია ის, რაზეც დღეს იყო საუბარი პარლამენტში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მარიამ ჯაშს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი- ჩვენც კი არ ვიცით ბევრი ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მეთოდოლოგია, რომლითაც მომავალში უნდა იხელმძღვანელოს ჩვენმა ქვეყანამ და საერთოდ, მსოფლიომ. ჩვენ მონდომებული ვართ და ძალიან სწრაფად ვდგამთ ნაბიჯებს. ქალაქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული პროექტები ხორციელდება საკრებულოში“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.

მიღება საერთაშორისო სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეების საპატივცემულოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის სახელით გაიმართა.