აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დააამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რასაც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს.

ზალკალიანის თქმით, აშშ-ის კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დააამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ორპარტიული კანონპროექტი ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს. პირველ რიგში, ის გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ასევე გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და არის განსაკუთრებული ხაზგასმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.

აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ სანქციებს - კერძოდ, კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე ავალებს აშშ-ს აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოთხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გარდა ამისა, კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში, თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„კონგრესი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ასევე, მოუწოდებს, რომ წარმოადგინოს ხუთი წლის ანგარიში თუ რა მხარდაჭერა იყო საქართველოსთვის გამოხატული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში; ასევე წარმოადგინოს ხუთწლიანი სტრატეგია ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას.

კანონპროექტში, ასევე, საუბარია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე დეზინგფორმაციის და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერაზე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კანონპროექტში ასახულ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას უკავშირდება.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - კანონპროექტში არის მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მიმართ, რომ მან გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია ამ კანონპროექტში. აღსანიშნავია, რომ ამერიკა საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში კონგრესმა პირველად დაამტკიცა ცალკემდგომი დოკუმენტი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს