ნაზი ჯანეზაშვილი წარადგენს პროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურის შერჩევას ეხება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს სთავაზობს პროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურის შერჩევის წესს გულისხმობს. აღნიშნულ ინიციატივას ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ მომზადებული პროექტი რამდენიმე პუნქტიანია, მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შექმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სამართლიან და გამჭვირვალედ შერჩევას.

ჯანეზაშვილის მოსაზებით, რაც უფრო მეტად გამართული იქნება აღნიშნული პროცესი, სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზრდება, ასევე გააძლიერებს სასამართლო სისტემას.

„პროექტი, რომელსაც დღეს წარვადგენ, ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად დებულებას. პირველი არის ის, რომ აუცილებელია გამოცხადდეს ღია კონკურსი და საბჭომ შეძლოს, რომ კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს კანდიდატურები. მეორე, აუცილებელია, რომ გასაუბრება ჩატარდეს ღიად, რათა საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს კანდიდატები შეაფასოს. მესამე - აუცილებელია, რომ გასაუბრების ტრანსლაცია მოხდეს. ასევე აუცილებელია, რომ საბჭომ მოამზადოს დასკვნა, ვიდრე ის პარლამენტში წარადგენს კანდიდატის შესახებ ინფორმაციას. ეს დასკვნა მოტივირებული უნდა იყოს. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თუ განსხვავებული მოსაზრება ექნება საბჭოს რომელიმე წევრს, ესეც თან დაერთოს, პროექტი ითვალისწინებს ამას.

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ჩემი შეთავაზებაა შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ იურისტები, მათ შორის, ადვოკატთა ასოციაციის წევრები, სამოქალქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მოამზადებს დასკვნას, მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს საბჭოსთვის. რა თქმა უნდა მას ამ შემთხვევაში შერჩევის ფუნქცია არ ექნება. ეს იქნება ერთგვარი სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ასეთი ჩართულობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები.

ასევე კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს, რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა