ირაკლი კობახიძე ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ესტონეთში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან გამართა.

შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ესტონეთში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას. ირაკლი კობახიძემ ესტონელ კოლეგას ქვეყნის უმთავრეს კანონში ასახული ძირითადი ცვლილებები გააცნო.

„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. მოხარულები ვართ, რომ ესტონეთსა და საქართველოს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობაა. ჩვენს კოლეგას, მეგობრებს, მადლობა გადავუხადეთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთის მხრიდან ვგრძნობთ. ასევე, მიმოვიხილეთ ის პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში, ასევე, ესტონეთში. ესტონეთში მალე ტარდება საპარლამენტო არჩევნები და საუბარი ამ საკითხებსაც შეეხო. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებზე, კონსტიტუციის ამოქმედებაზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც მოჰყვება კონსტიტუციის ამოქმედებას“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ესტონეთის მხრიდან, საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა რიიგიკოგუს თავმჯდომარემ.

„ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ ჩემი კარგი კოლეგა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტალინში იმყოფება. მივულოცე საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება, საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა და წარმატებები ვუსურვე პრეზიდენტს. ვისაუბრეთ საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ქვეყნის მართვის საუკეთესო გზა. ხანდახან, რთულია, მაგრამ კარგი შედეგები აქვს. ჩვენს ქვეყნებს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ. ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა ეიკი ნესტორმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის პარლამენტის შენობა დაათვალიერა და სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა პლენარულ სხდომათა დარბაზშიც, სადაც მას და დელეგაციის წევრებს, ესტონელი დეპუტატები მიესალმნენ.