ნინო ლომჯარია - ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დავით კირკიტაძის საქმეს შეისწავლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა. მისი თქმით, ველისციხესთან გუშინ მომხდარ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.

„გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა. ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი. ვფიქრობ, ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალურ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს ობიექტური მიდგომა. რა თქმა უნდა, ველოდებით გამოძიებას, ველოდებით შესწავლას, ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი პოლიციელთა მხრიდან, ასევე, აქციის მონაწილეების მხრიდან, როცა ისინი გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებს.

მეც ახლა გავიგე დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ პროცესში, თუ მას დასჭირდება დახმარება, ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები, რომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ, ამ საკითხს შევისწავლით“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ოფიციალური, წერილობითი ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისში არ შესულა სამართალდამცავთა მხრიდან ხელკეტებისა და მხუთავი აირის გამოყენების შესახებ, თუმცა, აპარატის თანამშრომლები სწავლობენ ყველა გავრცელებულ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს, რომ ჰქონდეთ უფრო სრული სურათი ვისი მხრიდან ჰქონდა სავარაუდო გადაცდომას ადგილი. "დავაკვირდებით, იქნება თუ არა შსს-ს რეაქცია ამ ფაქტებზე ობიექტური და მიეცემა თუ არა თანაბრად ყველა პირი პასუხისგებაში",- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მას აქვს სურვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდეს. „რა თქმა უნდა, მაქვს და გუშინაც მქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენლებთან. ნამდვილად ვეცდები, რომ ამ შემთხვევაში ვესაუბრო არა მხოლოდ ოპოზიციას, ვესაუბრო სამართალდამცავ ორგანოებს და გავუზიარო ჩემი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთ იყოს დაცული და გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა ვესაუბრები ყველას“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა