მამუკა ბახტაძე - სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება

სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მოლდოვის და უკრაინის წარმომადგენლებს ამბასადორიალზე დასწრებისთვის. მისი თქმით, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას.

„მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს სტუმრებს რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყნები და მთლიანად ჩვენი რეგიონი დგას. ჩვენ ყველას საერთო სურვილი გვამოძრავებს, რომ საერთო მიზანი იქნას მიღწეული და ეს არის ჩვენი ქვეყნების თავისუფლება, წინსვლა და განვითარება. დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ყველამ კარგად ვიცით როგორი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის. საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა“,- განაცხადა პრემიერმა.

„ელჩების კონფერენცია 2018“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.