პრემიერი -  ქვეყანა რომ დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა

ჩვენი მიზანია ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება, - ამის შესახებ ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა.

"ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს. ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი - ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. და ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.

ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ნატო-ს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართველი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს მიმართ ერთგულება ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ქართული სახელწიფო კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე.

"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ თქვენი სამშობლოს ინტერესების დასაცავად ეწევით და ატარებთ",- განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი - ქვეყანა რომ დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო